მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შატო მუხრანის“ სასახლე დღეს ოფიციალურად გაიხსნა - ისტორია და გეგმები

635d277979013
BM.GE
29.10.22 17:24
8095
„შატო მუხრანის“ სასახლე, რომლის აღდგენაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ის პირველი ქართული შატოა, რომლის საქმიანობა მეღვინეობის იმ უნიკალური ტრადიციის გაგრძელებას ეფუძნება, რომელიც ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა ივანე მუხრანბატონმა შექმნა. შატოს კონცეფცია ოთხ ძირითად ფასეულობას მოიცავს: საკუთარ ვენახებს, უნიკალურ მიწისქვეშა მარნებს, სასახლესა და ისტორიას.

აღსანიშნია, რომ „შატო მუხრანის“ აღდგენის პროექტს 2002 წელს ბიზნესმენებმა ფრედერიკ პოლსენმა და მისმა თანამოაზრეებმა ჩაუყარეს საფუძველი. შედეგად, აღადგინეს ღვინის საწარმო, ვენახები, მარნები, საჯინიბო და მუხრანბატონის სასახლე.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი საქართველოს დაუბრუნებს ამ მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას და ძველ დიდებას. იმისიც გვჯერა, რომ ეს პროექტი ყველა ქართველისთვის იქნება საამაყო. ასევე გვჯერა, რომ შეგვიძლია, შატო მუხრანი კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის. გვსურს, ისინი მოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ ეს მშვენიერი ადგილი, დააგროვონ სასიამოვნო მოგონებები ჩვენს ბაღსა და რესტორანში და დააგემოვნონ ჩვენი ღვინოები. ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ სტუმარმასპინძლობის სრულიად უნიკალურ სტანდარტს“, - ამბობს კომპანია „შატო მუხრანის“ დირექტორი და მთავარი მეღვინე პატრიკ ჰონეფი და იქვე დასძენს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ.

„შატო მუხრანის სასახლის განახლება მხოლოდ ერთი მოქმედებაა. ჩვენი ტერიტორიის სხვა ადგილებიც საჭიროებს განახლებას. ვაპირებთ გავხსნათ ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო სივრცეები. ღვინისა და სტუმარმასპინძლობის გარდა, ჩვენ ასევე გაგვაჩნია დიდი კულტურული მნიშვნელობა, რომელიც გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, შევქმნათ ახალ აქტივობათა მთელი წყება, რაც ჩემთვის ამ ადგილის ლოგიკითაა ნაკარნახევი. შატო მუხრანი გახდება ყველასათვის, როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის, აუცილებლად სანახავი და დროის გასატარებელი ადგილი. ჩვენი მიზანია, რომ გავაგრძელოთ ქართული საუკეთესო ღვინის წარმოება და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო გავუთქვათ სახელი ქართული ღვინის დიდ პოტენციალს. შატო მუხრანი მალე სინონიმი ქართული კეთილშობილებისა და ელეგანტურობის გახდება“, - აღნიშნა „შატო მუხრანის“ დირექტორმა.

ფრანგი და ქართველი არქიტექტორების მიერ დაგეგმილი სასახლე და მისი ინფრასტრუქტურა 16 ჰექტარს მოიცავს. მასში შედის ტყე-პარკი, ფრანგული ბაღი, ქართული კუთხე, კაკლის ხეივანი და სათბური. სასახლის ბაღი ამჟამად მნიშვნელოვანი განახლებისა და რეაბილიტაციის პროცესშია.

ხუან პაბლო მოლინეო, ინტერიერის მსოფლიოში აღიარებული დიზაინერი, რომელმაც სასახლის საუცხოო ინტერიერი შექმნა, ყვება, რომ ეპოქის სრულად შეგრძნება ახლა უკვე შესაძლებელია სასახლის აღმოსავლურ და ევროპულ ოთახებში, საკონფერენციო და სადეგუსტაციო დარბაზებსა და ბიბლიოთეკაში.

„როცა ჩარევა საჭიროა ისეთ ადგილებში, რომლებიც დიდ ისტორიას ინახავს, ჩემი განზრახვა არც ისტორიული ინტერიერის რეკონსტრუქციაა და არც დაკარგული არქიტექტურული ინტერიერების რეპროდუქცია. ჩემი ამოცანა უფრო ატმოსფეროს გაცოცხლება, იმ დიდებული და ნატიფი სულის გამოხმობაა, რომელიც ერთ დროს ამ არქიტექტურასა და დიზაინში იყო გამეფებული.

ამდენად, ძალიან ამაყი ვიყავი და დიდ პატივად მივიჩნიე, როცა ეს პრესტიჟული სარესტავრაციო პროექტი შემომთავაზეს; როცა ასეთ პროექტს ხელმძღვანელობ, თავმდაბლობა გმართებს, რადგან არსებულ შენობასთან მუშაობ და არა მის წინააღმდეგ. შატო მუხრანი არის კოსმოპოლიტური და არქიტექტურული ლექსიკონი აქვს, რომელიც დღემდე იპყრობს ყველა მნახველის ყურადღებას.

მუხრანის სასახლე სულ მალე გახდება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სახლი. ყოველ შემთხვევაში, ეს არის მიზანი, რომელიც საკუთარ თავს დავუსახე“, - ამბობს ინტერიერის დიზაინერი.

„შატო მუხრანის“ ისტორია

შატო მუხრანი დაფუძნებულია მუხრანის რეგიონში არსებულ მეღვინეობის ისტორიულ ტრადიციაზე.
1512 წელს, მუხრანი გახდა საუფლისწულო მამული, რომელსაც მართავდა ბაგრატიონთა საგვარეულო. მუხრანის ღვინის წარმოება დააარსა ბაგრატიონთა სახლის მე-19 საუკუნის წარმომადგენელმა, ამავდროულად პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, ივანე მუხრანბატონმა. 1876 წელს, ივანე მუხრანბატონი საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა შატოს იდეითა და კონცეფციით. სწორედ აქედან დაედო საფუძველი შატო მუხრანის მეღვინეობის ისტორიას.

საბჭოთა პერიოდში შატო მუხრანი მიტოვებული იყო და თითქმის განადგურდა კიდეც. 2002 წელს, ბიზნესმენთა ჯგუფმა, ფრედერიკ პოლსენმა და მისმა თანამოაზრეებმა, საფუძველი ჩაუყარეს შატო მუხრანის აღდგენას. ჯგუფის მიზანი იყო მამულების უწინდელი სიდიადის აღდგენა და თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით მუხრანში ღვინის წარმოების განახლება. ახალმა საინვესტიციო კომპანიამ მიზნად დაისახა ძლიერი საერთაშორისო სავაჭრო ნიშნის შექმნა, რომელიც ღირსეულად წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით.

2007 წელს, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო შატო მუხრანის ახალ მარანში. ამჟამად ის აღჭურვილია ISO 9001:2005 სურსათის უვნებლობისა და ISO 9001:2008 ხარიხის მართვის შესაბამისი სტანდარტების მქონე თანამედროვე ტექნოლოგიით.

ახალი მარნის აშენებასთან ერთად, თავდაპირველი სახით აღდგა შატო მუხრანის უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე მარანი. ამჟამად მარანი ბოლომდეა აღდგენილი და ინახავს 1000-ზე მეტ ღვინის კასრს მუდმივ 16-გრადუსიან ტემპერატურაში.

2007 წლიდან, შატო მუხრანი აწარმოებს ღვინოებს მხოლოდ საკუთარი ვენახებიდან, რომელიც არის 100%-ით ორგანული და სულ მალე ბიოღვინოებსაც წარუდგენს მომხმარებელს.

2011 წლიდან შატო მუხრანის ყურადღების ცენტრში ღვინის ტურიზმი მოექცა. მისმა განსაკუთრებულმა ინფრასტრუქტურამ, გარე და შიდა რესტორნებმა, ცხენების თავლამ, ისტორიამ, არტეფაქტებმა, მოხერხებულმა ადგილმდებარეობამ ის როგორც ქართველების, ისე უცხოელების საყვარელ ადგილად აქცია.

ყოველწლიურად ათასობით ადგილობრივი თუ ტურისტი ჩამოდის და გეგმავს ბიზნეს, შემოქმედებით, თუ გასართობ ღონისძიებებს, ტურებს, ქორწილებსა და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები