საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართვის საფუძველზე, კომპანია „ლემონდუ ბიზნესი“ შავ სიაში შევიდა. შესაბამისი ინფორმაცია უკვე აისახა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი განკარგულებიდან ირკვევა, რომ მიზეზი კომპანიის მიერ 547 800 ლარის ღირებულების ხელშეკრულების დარღვევაა. გასულ წელს სწორედ „ლემონდუ ბიზნესმა“ გაიმარჯვა ფულის მუზეუმისა და ონლაინ მაღაზიის ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებით სებ-ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში. თუმცა, კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წელს, სებ-მა აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვიტა და კომპანია დააჯარიმა.
შპს ლემონდუ ბიზნესი, რომელიც 2013 წლიდანაა რეგისტრირებული, ვებ-გვერდების დამზადების, სოციალური მედიის მართვისა და აპლიკაციების შექმნის სფეროებში საქმიანობს. რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი გიორგი ოთიაშვილია, რომელიც 50%-ს ფლობს, დარჩენილი 50%-ის მესაკუთრე კი ნიკოლოზ მამულაშვილია.