საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოქალაქეების ე.წ. „შავი სიაში“ ყოფნა ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მისაღწევად მნიშვნელოვანი ბარიერია.
ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ე.წ. „შავ სიას“, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს ვიტყვი დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები და ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ამ შემთხვევაში გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია; ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება", - განაცხადა ბახტაძემ.

























