„სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative“-ის წარმომადგენლის, საპროტესტო აქციის მონაწილე ნანა ბაგალიშვილის ინფორმაციით, გუშინ ღამით, მას შემდეგ, რაც აქცია დასრულდა, სახლებისკენ წასულ მოქალაქეებს დაერივნენ და სცემდნენ.
ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთ ინციდენტს თავად შეესწრო, რაც თამარ მეფის ხიდთან მოხდა.
“ეს რა ვნახე!! სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მთავრობის დაქირავებულები ასფალტზე ყრიან და ურტყამენ აქციიდან სახლისკენ მიმავალ კაცებს და ბიჭებს, ბავშვებთან ერთად მყოფ კაცებსაც შვილების თვალწინ სცემენ! ქალებსაც არ ინდობენ!
სახლისკენ მოვდიოდით გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდისკენ და უცებ გვესმის ყვირილი - გვიშველეთ, ხალხს კლავენ! რამდენიმე ნაბიჯში დავინახე შავებში ჩაცმულები ერთი დარტყმით ასფალტზე როგორ ყრიდნენ აქციიდან სახლისკენ მიმავალ ბიჭებს, ურტყამდნენ გამეტებით ხელებს და წიხლებს.
დაკუნთული, ან მაღალი ტანის ბიჭები მოვიდნენ სულ მცირე 4 მანქანით ორგანიზებულად. გადმოცვივდნენ და აქციიდან სახლისკენ მიმავალ კანტიკუნტად, მაქსიმუმ 70-მდე მიმავალ ხალხს დაგვერია საცემად? არა, უფრო მოსაკლავად. ესენი არ იყვნენ ჩვეულებრივი კუნთმაგარი ბიჭები, იცოდნენ როგორ დაერტყათ ადამიანისთვის ისე რომ ეგრევე დაცემულიყო ასფალტზე!
რაღაც მომენტში გვეგონა, რომ ნაცემი ერთ-ერთი ბიჭი ცოცხალი აღარ იყო! ყველა ნაცემის მდგომარეობა იმედია სტაბილურია ახლა.
გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი და არ მოვიდა ადგილზე!! წავედით მერე ფეხით ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დანაშაულის შეტყობინების განცხადების დასაწერად და იქაც დიდად არ უნდოდათ განცხადების მიღება, მაგრამ უკანაც ვერ გამოგვყრიდნენ!!
გაოგნებული ვარ, ამ ბიჭებს და კაცებს არ ვიცი რად უღირთ ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები სასიკვდილოდ გაიმეტონ ქუჩაში. მაგრამ ამ ბიჭების ხელით გვისწორდება საქართველოს მთავრობა და ეს არის მთავარი ბოროტება ქართველი ერის წინაშე!!
ხელისუფლებამ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულების ხელით სამოქალაქო დაპირისპირების ინსცენირება დაიწყო!
ეს არ მინახავს 90-იანებშიც კი. სახეს მაინც მალავდნენ მაშინ თავდამსხმელები.
ამ მეთოდებით როგორ უნდა შეგვაშინონ?! უფრო გაგვამწარებენ! მთავარია, რომ სიმწარის ფასი არ იყოს ვინმეს სიცოცხლე და ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებები. თორემ, ამ კანონსაც გავიწვევთ და საქართველოც დაბრუნდება ევროპულ ორბიტაზე!
წითელი პარასკევი მოგვილოცეს ნაცემი და დასისხლიანებული ბიჭებით, ნაცემი ქალებით და ტრავმირებული ბავშვებით! რა რწმენა ხალხო?! ენა როგორ უტრიალდებათ ილიას სიტყვებზე?!
David Songulashvili Irakli Kadagishvili გაიწვიეთ ეს კანონი უკან! იმისთვის არ აგვირჩევიხაროთ, რომ სასიკვდილოდ გაიმეტოთ ჩვენი ბიჭები! თქვენი შვილების წინ, ქუჩაში სახლში მიმავლებს რომ ფიზიკურად გაგისწორდნენ, ეს მაინც როგორ გგონიათ ნორმალური??!!! ამოიღეთ ხმა, სანამ დროა!
P.S. ახლა მოვედი სახლში. დილის ხუთი საათია. მაპატიეთ თუ ცოტა აბდაუბდად გიყვებით. მშვიდობიან მოსახლეობას ბავშვების წინაშე ასე სასტიკად მხოლოდ რუსები ექცევიან უკრაინაში, ასე ვიცოდი აქამდე და ეს რაც ვნახე, ჩემთვისაც კი სტრესია და ბავშვებისთვის მთელი ცხოვრება იქნება ტრავმა!“, - წერს ნანა ბაგალიშვილი.