მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის კაბელს ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის - დავითაშვილი მინისტერიალზე

ლევან დავითაშვილი

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობათა წარმომადგენლებმა ბაქოში მწვანე ენერგეტიკის განვითარების მინისტერიალის ფორმატში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და ამ კუთხით არსებული საკვანძო საკითხები განიხილეს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ერთობლივი კომპანიის დაფუძნების დეტალებზე და პროექტის შემდგომი განვითარების ნაბიჯების შესახებ. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა სხდომას ასევე დაესწრნენ ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი და ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელი.

„კავშირების გაძლიერება და გაფართოება ცოცხალი პროცესია და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი პროექტების განვითარებას. კერძოდ, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, უშუალოდ დაუკავშირდეს ევროპულ ენერგოსისტემებს დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. მის განხორციელებას მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ტრანსფორმაციული ეფექტი ექნება საქართველოსთვის, ხელს შეუწყობს შემდგომ ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას. ევროპის ელექტროენერგიის ბაზრებზე წვდომა დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე, მის ტრანსფორმაციასა და ევროპულთან დაახლოებაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შავი ზღვის ელექტროკაბელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა 2024 წლის ივლისში დასრულდება.

ცნობისთვის, კაბელის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა საქართველოს ინიციატივით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში დაიწყო და ის 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის ივლისამდე გადაიდო. კვლევას იტალიური ენერგეტიკული საკონსულტაციო კომპანია CESI ამზადებს.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის კონცეფციის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. ამასთან, მემორანდუმის გაფორმებისას ითქვა, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირს მწვანე ენერგიას მიაწვდიდა, თუმცა არსებული მდგომარეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის გამომუშავება 95%-ით საწვავ რესურსებზე არის დამყარებული, ხოლო მზის და ქარის ენერგიის ათვისებას აზერბაიჯანი მხოლოდ ახლა იწყებს. ასევე, მკაფიოდ განსაზღვრული არაა, როდის შევა ამ მიმართულებით ახალი სიმძლავრეები ძალაში.

პარალელურად, საქართველოში ყველაზე დიდი ზომის ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი გაჭიანურებული, გაყინული, ვადაგადაცილებული და შეფერხებულია, საუბარია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონჰესი. პირველადი კონცეფციის თანახმად, სწორედ ამ პროექტების ჭარბი ენერგიით ვაჭრობა უნდა მოეხდინა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები