შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. სწორედ მინისტერიალზე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ "ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი.
საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.
„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს - სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს. ამისთვის გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომ ჩვენი გეგმები რეალურ ქმედებებად ვაქციოთ. გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტნიორ ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს აქტიური მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება.
„მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივ წერილს ევროკომისარ დან იორგენსენისთვის, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირისგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგეტიკული მომავლისთვის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




























