მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატივაც და იდეაც საქართველოს ეკუთვნის - დავითაშვილი

63a0526e62128
ინგა მურუსიძე
19.12.22 16:23
1633
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ინიციატივაც და იდეაც საქართველოს ეკუთვნის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ წარადგინა ეს პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში და საქართველომვე დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, ისევე როგორც დაიწყო სამუშაოების დაფინანსება.

„შემდგომ ამას შემოუერთდა, რა თქმა უნდა, პარტნიორი ქვეყნები და ცოტა ხნის წინ გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, რომელშიც ოთხი ქვეყანა იქნება ჩართული. თავდაპირველ ეტაპზე ასეთი ინტერესი არ იყო, ასე აქტუალურად დანახული არ იყო პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურად ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ევროკავშირში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკვე მიმდინარე წელს. ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერების ენთუზიაზმი ვნახეთ ყველამ.

ეს არის პროექტი, რომელიც არის ურთიერთინტერესის საგანი, როცა ევროკავშირის ორი ქვეყანა არის პროექტის განხორციელებაში ჩართული, განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დაფინანსების საკითხიც, რაზეც ევროკავშირი ამბობს, რომ პრობლემა არ იქნება.

„ითქვა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსები პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის მობილიზებისთვის თავად ევროკავშირი არის მზად. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა და წლების განმავლობაში საქართველოში მუშავდებოდა, იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა და საწყის ეტაპზე არც ისე აქტუალურად განიხილებოდა, თუმცა დღეს ნამდვილად ფლაგმანი პროექტია ევროპასთან ურთიერთობის საკითხში. ალბათ ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა როლი ექნება საქართველოს, ლევან დავითაშვილი პასუხობს, რომ საქართველო იქნება აქტიური განმახორციელებელი და საქართველო იქნება წარმმართველი ამ პროექტის განხორციელებაში.

„დღეს ასეთი გეგმა არსებობს. ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს აკეთებს იტალიური საერთაშორისო კომპანია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. მსოფლიო ბანკისგან აღებული სესხით სწორედ სახელმწიფო აფინანსებს ამ პროექტს და მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული. შემდეგი ეტაპებიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება და ამაზე არსებობს ჩვენი ფინანსთა სამინისტროს მზადყოფნა და კონკრეტული მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან. ასე რომ, შემდეგი პრაქტიკული კვლევითი სამუშაოები, რომელიც ზღვაში განხორციელდება, საქართველოს მიერ წარიმართება. ანუ საქართველო იქნება მთავარი წარმმართველი ძალა და ლიდერი პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები