თბილისის მერის დისტრიბუტორებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, ანუ მხოლოდ M2 და N1 ტრანსპორტის მოძრაობა იქნება დასაშვები. შეზღუდვა დილის საათებში 8-დან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-დან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში.
მეტალოპლასტმასისა და მინის საწარმოს დამფუძნებელი კომპანია LGG, რომელიც დისტრიბუციით ძალიან აქტიურად სარგებლობს, ამბობს, რომ ცვლილებები კომპანიის საქმიანობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
„კონკრეტულად სამშენებლო სეგმენტში ძალიან ნორმალური ვითარებაა. შემოდის სტანდარტები, ცვლილებები, ენერგოეფექტურობის მხრივ კანონებს იღებენ, შეიძლება ითქვას, რომ ტუზი დაგვეცა. წინ ვართ მინიმუმ ორი ნაბიჯით ამ მიმართულებით, თუმცა ახლა ველოდებით დისტრიბუციასთან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილებას. ძალიან საინტერესოა ჩვენზე როგორ აისახება ყველაფერი, ქალაქის ცენტრში მიდის მშენებლობები. დილით 8-11 საათამდე თუ ვერ გავატარეთ დისტრიბუცია და საღამოს 5-8 საათამდე, როცა მანქანა მოძრავია, 9-ის 15 წუთზე სად წავიყვანო დისტრიბუციის მანქანა? ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ განიხილავენ ამ საკითხს, პატარა მანქანაზე ვერ გადავალთ ხომ?“, - განაცხადა LGG-ის დამფუძნებელმა, ზურაბ გიორგაძემ.
კითხვაზე, რა მიაჩნია სექტორს სიტუაციიდან გამოსავლად, რესპოდენტი პასუხობს: „თუ ჩვენც ვინმე რამეს შეგვეკითხება და ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ ან რაიმე მორგებული წესები იქნება შემუშავებული, კარგი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვეწყოთ არ ვიცით. ვფიქრობთ, პროცესი შენელდება“, - განაცხადა გიორგაძემ.