"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ განვადებების გაცემა შემცირდა და ეს რეგულაციების გაცხადებული მიზანიც იყო.
"რეგულაციის გაცხადებული მიზანი იყო ის, რომ შეზღუდულიყო მაღალპროცენტიანი სამომხმარებლო სესხების გაცემა. თუ საჭირო იქნება, ალბათ ეროვნული ბანკი და მთავრობა გადახედავენ ამ რეგულაციებს.
რამდენით არის შემცირება, ზეპირად ვერ გეტყვით. საგანგაშო არ არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო რეგულაციების გამო", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.
კითხვაზე, შეამცირა თუ არა თანამშრომლები "საქართველოს ბანკმა" განვადებების შემცირების გამო, არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ გათავისუფლების მნიშვნელოვანი ტალღა არ ყოფილა, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით, სადაც ზრდა არის საჭირო, ამატებენ თანამშრომლებს, სადაც შემცირებაა, ამცირებენ.
"კონკრეტულად ამ მიზეზით ვერ ვიტყვი, რომ ვინმე გავუშვით. მაგალითად, ბევრ თანამშრომელს ვამატებთ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რადგან ამ მიმართულებით გააქტიურება ხდება საბანკო სფეროში", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

























