მთავრობა მომდევნო 10 წელში საქართველოს ავტოპარკის 90%-ის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას გეგმავს. პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ინიციატივას დადებითი ეკოლოგიური ეფექტი ექნება, ის ასევე შეამცირებს სავაჭრო დეფიციტის. კერძოდ, როგორც პრემიერი ამბობს, საქართველოს ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“ სწორედ სავაჭრო დეფიციტია, რისი გამომწვევი ერთ-ერთი წყარო, მისი თქმით, საწვავის იმპორტია.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის მილიონს შეადგენს და ავტოპარკის მოცულობა უკვე წლებია ზრდის დინამიკით ხასიათდება - გასულ წელს, ზრდის მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა. 2017 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდებისა და ელექტროძრავიანი ავტომანქანების იმპორტი. 2017 წელს 9 თვეში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-ჯერ მეტი ელექტროძრავიანი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა და მათმა რაოდენობამ 467 ერთეული შეადგინა. ჯამში 2017 წლის ავტოპარკის მონაცემებით, ჰიბრიდების პროცენტული წილი საერთო იმპორტში 24%–ია, თუმცა ელექტრმობილებზე მთლიანი მოცულობის მხოლოდ 0.6% მოდის. შესაბამისად, მიუხედავად მცირე ზრდისა, მთლიანი ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას არსებული მონაცემებით, თუ ვიმსჯელებთ, 700 000-მდე ავტომობილის „შეცვლა“ დასჭირდება, ამას კი ყოველწლიურად მზარდი იმპორტიც უნდა დავუმატოთ.
შესაძლებელია, თუ არა, ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლების შემდეგ, ქვეყანაში სავაჭრო დეფიციტის შემცირება, მაშინ როდესაც საქართველოში ელექტროენერგიაც იმპორტირებულია, რომლის მზარდი იმპორტიც და მოხმარებაც ფისკალური რისკის ერთ-ერთ წყაროდ სახელდება?
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, რომ მთავრობის იდეა მისასალმებელია, თუმცა ზუსტი გათვლის გაკეთება ჯერ-ჯერობით რთულია. საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი საშუალოდ 2.5 ლარია, ერთი კუბუტი მეტრი კომერციული გაზის ფასი კი (რომლისგანაც ელექტროენერგიის მიღებაა შესაძლებელი) დაახლოებით 82 თეთრი. არაბიძე აქცენტს სწორედ ბუნებრივ გაზზე აკეთებს და ამბობს, რომ მისი გარდაქმნა ელექტროენერგიად ქვეყანას გაცილებით ნაკლები დაუჯდება, ვიდრე საწვავის იმპორტი.
„ამ გზით ქვეყნიდან საშუალოდ 40%-ით ნაკლები თანხა გავა, ვიდრე დღეს ხდება საწვავის იმპორტით. კერძოდ, 1 ლიტრი ბენზინი საშუალოდ 41 000 კილოჯოულ სითბოს იძლევა, მისი ფასი კი საშუალოდ 2.5 ლარია; მაშინ როდესაც 1 კუბური მეტრი კომერციული გაზი იძლევა 36 000 კილოჯოულ სითბოს, მისი ფასი კი 80-82 თეთრია. ქვეყანაში არსებულ თბოელექტროსაგურებს დღეს აქვთ იმის პოტენციალი, რომ მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავონ. როგორც ვიცი, საქართველოში არსებული ყველა ავტომობილი, რომ ელექტრომობილით ჩანაცვლდეს, მათ წლიურად მილიარდ 600 მილიონ კვტსთ-ზე მეტი ელექტროენერგია დასჭირდებათ, რომლის შესყიდვის ნაცვლად, შეგვიძლია შევიძინოთ გაზი, რომელიც თბოსადგურებში გარდაიქმნება ელექტროენერგიად გაცილებით იაფად“, - ამბობს ენერგეტიკოსი.
შესაძლოა, საწვავის ელექტროენერგიით ჩანაცვლებამ გარკვეული ეკონომიკური ეფექტი გამოიღოს, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც რომ ნავთობკომპანიები დღეს ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელები არიან. მხოლოდ ბენზინისა და დიზელის აქციზის გადასახადით, ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით, 450 მლნ ლარზე მეტის მობილიზებას ახდენს. ბუნებრივი აირის შემთხვევაში კი ეს თანხა 30 მილიონამდეა. 2018 წლის 9 თვეში, ბენზინის აქციზიდან ბიუჯეტში 202.8 მლნ ლარი შევიდა, ხოლო დიზელის აქციზიდან 171.9 მლნ ლარი. დამატებით, 12.7 მლნ ლარზე მეტი შევიდა ბიუჯეტში სხვა ნავთობპროდუქტების აქციზიდან. ცხადია, თუკი მთავრობა ავტოპარკის 90%-ს მომდევნო 10 წელში ელექტრომობილებით ჩაანაცვლებს, საწვავის იმპორტი და შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლებიც შემცირდება.
2017 წელს, საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1095,8 ათასი ტონა, რაც 133,8 ათასი ტონით ანუ 10,9%-ით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ქვეყნის მთლიან იმპორტში წილს, 2017 წელს ქვეყანაში 1 320 276 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, - 697.2 მლნ დოლარი. ამ მაჩვენებლით კი საიმპორტო საქონელში უმსხვილესი წილი (მთლიანი მოცულობის 8.8%) სწორედ ნავთობპროდუქტებმა დაიკავა.
გარდა ამისა, ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაც წლებია მზარდი დინამიკით ხასიათდება და ზრდა ყოველწლიურად საშუალოდ 7-8%-ია. მსოფლიო ბანკი კი მიანიშნებს, რომ ელექტროენერგიის ჭარბი იმპორტი ქვეყანაში საბიუჯეტო და სავაჭრო დეფიციტის ერთ-ერთი წყარო ხდება. საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, საქართველოში 2018 წლის ბოლომდე 1 430.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტია დაგეგმილი. მთავრობის მონაცემებით, ამჟამად ლიცენზირებისა და მშენებლობის ეტაპზეა 52 ელექტროსადგურის პროექტი, რომლის სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე 1,562 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 2,7 მლრდ დოლარს აღწევს. გარდა ამისა, კვლევის ეტაპზეა 109 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 3860 მგვტ-ია, ხოლო ჯამური სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება თითქმის 6 მლრდ დოლარს აჭარბებს.
და ბოლოს, - დღეს ბაზარზე ელექტრომობილების ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე საწვავზე მომუშავესი, შესაბამისად ავტოპარკის ჩასანაცვლებლად, გარდა დაგეგმილი საგადასახადო შეღავათებისა, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდაც საჭიროა.