ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ანი კვარაცხელიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა “გადაიღე საქართველოში” შეჩერებულია. როგორც ანი კვარაცხელია ამბობს, პროგრამა, დაახლოებით, 6-7 თვეა აღარ მუშაობს და ეს პანდემიასთან დაკავშირებული არ არის. მისი თქმით, გაურკვეველია, რა მიზეზით შეჩერდა სახელმწიფო პროგრამა, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ არაერთი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამაში ჩართვით.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, რომელსაც აქვს გადადინების საკმაოდ დიდი ეფექტი - ეს არ არის მხოლოდ კინოინდუსტრიის ნაწილი, ეს არის ტურიზმი, ეს არის ქვეყნის პოპოულარიზაცია, სასტუმრო ინდუსტრია თუ ლოგისტიკური ნაწილი, კვების ობიექტები და ა.შ.
2016 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროექტი, ამ ინდუისტრიამ 400%-იანი ზრდა აჩვენა.
დღეს რას ვხედავთ? დღეს ეს პროექტი 6 თვეზე მეტია, შეჩერებულია, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, დეკემბრიდან მოყოლებული, არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ სექტორიდან და პროექტები მზად არის და კომპანიები ჩამოსასვლელად მზად არიან, ეს პროექტი, პრაქტიკულად, გაჩერებულია. ეს ყველაფერი იმას გამოიწვევს, რომ ეს კომპანიები სხვა ქვეყნებში წავლენ და იქ გადაიღებენ. ასეთი არათანმიმდევრული მოქმედებები აზიანებს იმ მექანიზმებს, რომლებსაც თვითონვე ქმნის სახელმწიფო და შემდეგ თვითონვე ხარჯავს ძალიან დიდ ფულს, რომ მისი პოპულარიზაცია მოახდინოს", - აცხადებს ის.
ანი კვარაცხელიას განცხადებითვე, საერთაშორისო კომპანიებთან სერიოზული მოლაპარაკებებია უკვე კონკრეტულ ფილმებზე, თუმცა, პროექტის გაჩერების გამო, პროცესები წინ ვერ მიდის.
“ახლა გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რადგან ბევრ ქვეყანაში ცუდი ეპიდსიტუაციაა და ჩვენთან, რადგან ასეთ კარგი სიტუაციაა, კიდევ უფრო გააქტიურდნენ საერთაშორისო კომპანიები, აინტერესებთ, რომ ჩამოვიდნენ და ყველანაირი წესის დაცვით განახორციელონ ასეთი საქმიანობა”, - განაცხადა ანი კვარაცხელიამ.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, BM.GE სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“, დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ დროისთვის პროგრამა "გადაიღე საქართველოში“ რედიზანის პროცესს გადის. სააგენტოში ირწმუნებიან, რომ მისი დასრულების შემდეგ განაცხადების მიღება განახლდება.
“ასევე, განაცხადების მიღება ამ დროისთვის COVID -19-ის გამოა შეჩერებული; როგორც კი დასრულდება რედიზაინის პროცესი, პროგრამა კვლავ განახლდება, რადგან ინტერესი საკმაოდ მაღალია”, - აცხადებენ “აწარმოე საქართველოში“.
ცნობისთვის: პროგრამა "გადაიღე საქართველოში" “აწარმოე საქართველოშის” ერთ-ერთი კომპონენტია და კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. “გადაიღე საქართველოშის” ფარგლებში საქართველოში გასულ წელს “ფორსაჟი 9”-ის გადაღებები განხორციელდა.