მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვალა თუ არა პანდემიამ ბიზნეს ცენტრების დატვირთვა - Colliers International Georgia-ს მიმოხილვა

5f636150e5a96
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 20:40
1080
ბიზნეს ცენტრები ცდილობენ, რომ ამ ვითარებაში მოქნილები იყვნენ და შეინარჩუნონ დამქირავებლები, რაც სწორი სტრატეგიაა, - ამის შესახებ Colliers International Georgia-ს დირექტორმა ირაკლი კილაურიძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეისთვის საოფისე ფართების საშუალო ღირებულება დიდად არ შეცვლილა, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ცვლილებები მოსალოდნელია.

„ფასებს რაც შეეხება 10%-დან 30%-მდე ვარდნა შეინიშნება, ეს საშუალო შეწონილ ფასზე ჯერჯერობით არ ახდენს გავლენას, იმიტომ რომ გარიგებების რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, თუმცა საოფისე ფართების პოლიტიკაა და გრძელვადიან პერიოდში განახლებული ხელშეკრულებებით, ველოდებით, რომ საშუალო შეწონილი ფასი შემცირდება“, - განაცხადა კილაურიძემ.

Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ პროფესიულ, საბანკო, სამშენებლო და სავაჭრო სერვისებს, ბიზნეს ცენტრების კატეგორიების მიქსის 61% უკავიათ. პანდემიის პირობებში, რისკიანობის მიხედვით პროფესიული და საფინანსო სექტორები ნაწილობრივი რისკის ზონაში ხვდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ მოკლევადიან პერიოდში ამ სექტორის გარკვეულ ნაწილზე და მათ მეიჯარეებზე არსებული კრიზისი უარყოფითად აისახება.

„ბიზნეს ცენტრების მოიჯარეებთან და მეიჯარეებთან კომუნიკაციისას რელოკაციებისა და საიჯარო ფასების გადახედვის ტრენდი ვლინდება. მოიჯარეები, რომლებსაც აღნიშნული კრიზისი ნაკლებად შეეხოთ ძირითადად თავმოყრილია B და უფრო დაბალი კლასის ბიზნეს ცენტრებში. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ამ ოფისების მაღალი კლასისკენ მიგრაცია, ძველი საიჯარო პირობების ფარგლებში. ხოლო მოიჯარეები, რომლებიც მაღალი რისკის ზონაში ხვდებიან მოსალოდნელია, რომ გადაინაცვლებენ დაბალი კლასის ბიზნეს ცენტრებში ან ინდივიდუალურ ფართებში“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

Colliers International Georgia-ში თვლიან, რომ იზოლირების ეტაპზე, ვაჭრობის ძალაუფლება მეიჯარეებიდან მოიჯარეებზე გადავა და განმარტავენ: „ხშირ შემთხვევაში მათ შორის საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტებია გაფორმებული დიდი ჯარიმებით. ამ პერიოდში მოიჯარეებს კონტრაქტების გადახედვის შესაძლებლობა უჩდებათ. სავარაუდოა ახალ კონტრაქტებში საიჯარო ფასის ანდა ფართის შემცირება”.

მიმოხილვის მიხედვით, შეიცვლება ბიზნეს ცენტრების სამომავლო მიწოდების ფართობი და გადანაწილდება შემდეგ წლებში. თუ A და B კლასის ბიზნეს ცენტრებში 2020 წლისთვის 50 800 მ2 მიწოდება იყო დაგეგმილი, 2021 წელს ეს რიცხვი 6 370 მ2, ხოლო 2022 წელს 20 590 მ2-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები