Phubber-ის თანადამფუძნებლის, ანანო დოლაბერიძის შეფასებით, მიმდინარე წელი პლატფორმისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
BM.GE დაინტერესდა, როგორია 2024 წელი, Phubber-სთვის, რეკორდული 2023 წლის შემდეგ, როდესაც ბრუნვამ 6 მლნ ლარს მიაღწია.
როგორც ანანო დოლაბერიძე ამბობს, შედეგები ყველა მიმართულებით გაუმჯობესდა. მისივე ინფორმაციით, ონლაინ მოდის პლატფორმაზე გაზრდილია როგორც შეკვეთის საშუალო ღირებულება, ასევე მომხმარებლების მსყიდველუნარიანობა მაღალი კლასის ბრენდების სეგმენტში.
„შედეგები ფაქტობრივად გავაორმაგეთ ყველა ჭრილში. ბოლო თვეებში, აგვისტო-ოქტომბერში 5 წლის რეკორდი გვქონდა ვაჭრობის მიმართულებით. იმის მიუხედავად, რომ Phubber-ის მსგავს ბიზნესებს სეზონურობა ახასიათებთ და ზაფხული ნაკლებად აქტიური პერიოდია, ჩვენთვის ზაფხულიც საინტერესო იყო.
ძალიან კარგი, მეტ-ნაკლებად სტაბილური წელია და დიდი გავლენა გარემო ფაქტორებს არ ჰქონია. რაც Phubber-ი გავუშვით იყო პანდემია, ომი ან რაღაც სხვა კრიზისი, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რეალურად რა შედეგები გაქვს. მაგალითად, პანდემიის დროს მაღალი, 60%-მდე ზრდა გვქონდა, რადგან უცებ ყველამ დაიწყო აპლიკაციის გამოყენება. ქვეყანაში ელექტრონული კომერციის მიმართულებით ბევრი პროდუქტი არ იყო და Phubber-ი როდესაც უკვე არსებობდა, მაშინ დაიწყეს დიდმა კომპანიებმა ამ მიმართულების განვითარება. ამიტომ, შემდეგ, პანდემიის შედეგებზე გადაჭარბება რთული იყო. წელს, გარე ფაქტორების გავლენის გარეშე რომ ასეთი კარგი შედეგები დავდეთ, სასიხარულო და საამაყოა”,- განაცხადა ანანო დოლაბერიძემ.
ამასთან, Phubber-ის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანიას, გაზრდილი ხარჯების ფონზე, რაც განსაკუთრებით ტრანსპორტირების მიმართულებას ეხება, საკომისიოს ზრდა მოუწია.
„ჩვენს საკომისიოში შედის მიწოდების ხარჯი, როგორც გამყიდველისგან ჩვენს ოფისში, ისე ოფისიდან მყიდველამდე, ასევე სრული პროცესის თანხა, რაც მოიცავს ავთენტიფიკაციას, ხარისხის კონტროლს, შეფუთვას და ა.შ. დღევანდელი და 5 წლის წინანდელი მოცემულობა აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. საშუალოდ რომ ვისაუბროთ, თუ 5 წლის წინ, როდესაც Phubber-ი გაეშვა, ერთ მიწოდებას 5 ლარად გავაკეთებდი, დღეს საშუალოდ ცენტრალურ უბნებს შორის ერთი მიტანის საფასური მინიმუმ 15 ლარია. როდესაც მომხმარებელი სწრაფ და ხარისხიან სერვისს არის მიჩვეული, ცხადია რთულია, რომ რაღაცები შეცვალო. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ტვირთი საკუთარ თავზე აგვეღო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვისაც გაიზარდა ტარიფები, იმისთვის რომ კომპანიამ ოპერირება შეძლოს, კორექტირება მოგვიწია და დაახლოებით 3%-ით გაიზარდა საკომისიოები ყველა საფასო კატეგორიაში“,- განმარტავს Phubber-ის თანადამფუძნებელი.
მისივე თქმით, ამჟამად Phubber-ს 270 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს და სტარტაპის გეგმაში მაჩვენებლის ზრდა შედის.
ცნობისთვის, Phubber-ი ონლაინ მოდის პლატფორმაა, რომელიც ტანსაცმლის, აქსესუარებისა და თავის მოვლის საშუალებების მყიდველებს და გამყიდველებს აერთიანებს. ის 15 000 დოლარის ინვესტიციით, ბიზნესპარტნიორებმა: ანანო დოლაბერიძემ და გიორგი ჩუგოშვილმა 2019 წელს დააფუძნეს. პირველი ქვეყანა, სადაც Phubber-ი გავიდა უკრაინა იყო. 2023 წელს კი სტარტაპი სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე გამოჩნდა. სამომავლო გეგმებში ყაზახეთსა და უზბეკეთში ექსპანსია შედის.