სამჯერ შეჩერების შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდიში" აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგები ადასტურებს პროექტის სრულ უსაფრთხოებას და რეგულაციებთან შესაბამისობას.
კომპანიის განცხადებით, პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ტერმინალზე. აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ადმინისტრაციული წარმოების მესამედ, 2 აგვისტოს შეჩერების მიზეზი სწორედ შპს „ტერმინალ 1“-ის წერილი იყო, რომელიც არსებული პროექტით ხელოვნური კუნძულის მშენებლობის წინააღმდეგია.
"აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე, მათ შორის შპს „ტერმინალ 1“-ის ნავთობპროდუქტების გადასატვირთ საზღვაო ტერმინალზე. კერძოდ, აღნიშნული საკითხი საგულდაგულოდ იქნა შეფასებული საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და მიღებული შედეგებით დადასტურებულია პროექტის სრული უსაფრთხოება და ეროვნულ რეგულაციებთან შესაბამისობა.
მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო არეალი არ წარმოადგენს წყლის ბიოლოგიური გარემოს არცერთი სახეობის კრიტიკულ ჰაბიტატს და შესაბამისად აქ გავრცელებულ სახეობებზე შეუქცევადი ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის. ექსპერტების კვლევების შედეგების მიხედვით, საპროექტო არეალში ხუთიდან ათ წლამდე პერიოდში შესაძლებელი იქნება ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება და ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული მდგომარეობის აღდგენა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების მიზნით გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალა, კერძოდ ინერტული მასალები და ქვები, რომელთა გამოყენება ხდება გადამუშავების გარეშე. ნაპირდამცავი ნაგებობების მოსაწყობად გამოსაყენებელი ბუნებრივი ქვები ერთ-ერთი საუკეთესო სუბსტრატია წყლის ორგანიზმების საბინადროდ და იქთიოფაუნისათვის ხელსაყრელი ჰაბიტატების შესაქმნელად.
როგორც ცნობილია, საპროექტო აკვატორიაში ადგილი აქვს ნავთობპროდუქტებით ისტორიულ დაბინძურებას, ხოლო პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ტერიტორიის გაწმენდა (წყალქვეშა ფერდის ნაწილი მოქცევა ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის ქვეშ და მოხდება სამუდამოდ დაკონსერვება, ხოლო ნაწილი ამოღებული იქნება და გაიწმინდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად). პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს ეკოლოგიურად სუფთა პლაჟების და სარეკრეაციო სივრცეების შექმნას",- აღნიშნულია შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ინფორმაციაში, რომელიც bm.ge-ის მიაწოდეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკასა და ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თვისობრივ გაუმჯობესებაში:
ტერიტორიული გაფართოება: პროექტის დასრულების შემდეგ, ტერიტორია 102 ჰექტარით გაფართოვდება და არსებული სანაპირო ზოლი 1.2 კმ-დან 3.6 კმ-მდე მოიმატებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ბათუმის სამხრეთ დასავლეთ სანაპირო ზოლში ადგილი აქვს, წარეცხვის პროცესებს.
ეკონომიკური ზრდა: ამბასადორი ბათუმი აილენდმა საქართველოს მთავრობას ოფიციალურად წარუდგინა კოლიერის ლონდონის და თბილისის ოფისების კვლევა, რომლის თანახმადაც, ბათუმის ორი ნახევარკუნძული/ერთი კუნძული შექმნის შემდეგ ყოველწლიურად განახორციელებს 64 000 000 აშშ დოლარის გადასახადების აკუმულირებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ ლანდშაფტს.
ახალი სამუშაო ადგილები: პროექტის შედეგად, კომპანიის დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო ეკონომიკური კომპანიის კვლევით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაკლებ 7000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უდიდესი შესაძლებლობაა, როგორც ქვეყანაში მცხოვრებლებისთვის, ასევე, შინ დაბრუნების შესაძლებლობაა ქვეყნის გარეთ გასული მიგრანტებისთვის.
თანამედროვე ინფრასტრუქტურა: ბათუმის ორ ნახევარკუნძულზე/ერთ კუნძულზე შეიქმნება მაღალი კლასის სასტუმროები, აპარტამენტები, სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ახალი იახტკლუბის გვერდით, ასევე გაშენდება 9 ჰექტარი ტყე-პარკი, რომელიც საზოგადოებას 3,6-კილომეტრიან სანაპირო ზოლს შესთავაზებს. საჯარო სივრცეებში უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი წვდომა.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ვალდებულება: "ამბასადორი ბათუმი აილენდი" რჩება ერთგული, შეინარჩუნოს სრული გამჭვირვალობა და დაიცვას გარემოსდაცვითი სტანდარტები პროექტის განხორციელების განმავლობაში. კომპანია მზად არის გაითვალისწინოს ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშშია მოცემული.
ამასთან, "ამბასადორი ბათუმი აილენდის" განცხადებით, ის ვადაზე ადრე ასრულებს სახელმწიფოსთან აღებულ ვალდებულებებს: ამჟამად ტერიტორიაზე ფაქტობრივად შექმნილია 10 ჰექტარამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.