ევროკავშირმა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეწარმეებისთვის შესაძლებელი გახდება ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბაზარი ქართული ქაფშიასთვის 2017 წელს გაიხსნა, ამ დრომდე ქართველი მწარმოებლები თევზის ექსპორტს ევროპის ბაზარზე მაინც ვერ ახდენდნენ. თევზჭერის სერტიფიკატების აღიარებას წინ რეფორმა უძღოდა, რაც არალეგალური, არადეკლარირებული და დაურეგულირებელი თევზჭერის პრევენციის, გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავდა, ასევე საქართველოში უკვე მოქმედებს ავტორიზაციისა და კონტროლის მექანიზმები; არსებობს ჭერის სერტიფიკატის ფორმა და დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის ზომებიც.
შავ ზღვაში ქაფშიის რესურსის მოპოვებაზე დღეს 9 ლიცენზიაა გაცემული. წლის განმავლობაში კი დაახლოებით 60-დან 70 ათას ტონამდე თევზის მოპოვება ხდება, რომლის დიდი ნაწილი თევზის ფქვილის სახით ხვდება ბაზარზე.
თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოდან თევზის ფქვილის და ცხიმების ექსპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა სტრუქტურა შეიცვალა. წელს 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 11.4 მლნ -ის თევზის ფქვილის და ცხიმების ექსპორტი განხორციელდა, 1 მლნ მეტი, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში, თუმცა თუ გასულ წელს ორივე პროდუქციას დაახლოებით თანაბარი წილი ჰქონდა, წელს ადგილობრივ ექსპორტში თევზის ცხიმები დომინირებს, რაზეც 9.4 მლნ მოდის. გასულ წელს კი თევზის ნაწარმის ადგილობრივი ექსპორტში თევზის ფქვილსა და გრანულებზე - 16.74 მლნ დოლარი მოდიოდა, თევზის ცხიმებზე - 15.7 მლნ დოლარი.
როგორ შავი ზღვის თევზის გადამმუშავებელ კომპანიებში აცხადებენ, ამ დროისათვის საქართველოს წყლებში მოპოვებული თევზი მხოლოდ ფქვილის ან ცხიმების სახით გადის ექსპორტზე. ძირითადი ბაზრებია თურქეთი, სომხეთი, პერუ, ფილიპინები, კოლუმბია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განგვიმარტეს, ევროკავშირის გადაწყვეტილება ყველა საზღვაო პროდუქტზე ვრცელდება, ეხება მხოლოდ ბიოლოგიურ რესურსებს და არ ეხება აკვაკულტურას. აკვაკულტურა ცალკე აღიარებას ექვემდებარება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს უკვე მეორე ეტაპია.
რას შეცვლის ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება და რა გამოწვევებია მარიკულტურის განვითარების კუთხით?
სტუმარი: მამუკა მიქაშავიძე - კომპანია Maricultura Georgia-ს დირექტორი;