მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეძრწუნებული ვართ - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო სამძიმარი გამოთქვა

ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

„შეძრულნი ვართ ცნობით, რომ განჯადან გამოფრენილი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები. ამ მძიმე მომენტებში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და ჩემი სახელითა და აზერბაიჯანის ხალხის სახელით სამძიმარს გამოვხატავ თქვენი, დაღუპულთა ოჯახებისა და მოძმე თურქი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია ალიევის სამძიმრის წერილში.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი–თურქეთის მიმართულებით.

ოფიციალური მონაცემებით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან.

სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის სხვა ოფიციალურმა უწყებებმაც.

საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმად შეძრწუნებული ვართ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიმავალი, მოძმე თურქეთის კუთვნილი C130-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის ამბით. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ მოძმე თურქ ხალხსა და შეიარაღებულ ძალებს ამ მძიმე დანაკარგის გამო და გამძლეობას ვუსურვებთ დაღუპულთა ოჯახებს. აზერბაიჯანი ყოველთვის მოძმე თურქეთის გვერდითაა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები