პარლამენტის დეპუტატმა, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენაზე, კანონპროექტის მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს ჰკითხა - შეეხება თუ არა კანონი რუსეთის აგენტად მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს და იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს იცავენ.
დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სადეპუტატო კითხვისთვის გამოყოფილი დროის გასვლის შემდეგ მიკროფონი გამოურთო, მიუხედავად იმისა, რომ მას კითხვა დასრულებული არ ჰქონდა და განაცხადა, რომ ყველა მისი კითხვა კანონპროექტის პირველი მოსმენისას გათვალისწინებულ კითხვებს ეკუთვნოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ანა ნაცვლიშვილმა კითხვის დასმის დროსვე აღნიშნა, რომ ეს კანონი არ შეეხება ოთარ ფარცხალაძეს და როგორც პროექტშია გაწერილი, ის ყველა იმ ორგანიზაციაზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები ინტერესებს იცავენ. თუმცა დეპუტატმა პროექტის ავტორებს ამის დადასტურება სთხოვა.
„კანონის მიზანი და მოქმედების სფერო გაწერილია პირველ მუხლში. შეეხება და გავრცელდება თუ არა ეს კანონი რუსეთის აგენტობაში მხილებულ პირზე - ფარცხალაძეზე? როგორც აქ წერია და იკითხება ის არ შეეხება რუსეთის აგენტობაში მხილებულ პირებს. დამიდასტურეთ.
ასევე, შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი რისკის, მათ შორის ჯანმრთელობის რისკის ფასად 2008 წლის აგვისტოს ომიდან პირველივე დღეებში ახდენდნენ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებების დოკუმენტირებას, ამზადებდნენ საჩივრებს საქართველოს სახელით სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ? ახლა იკითხება რომ შეეხება და ისინი დარეგისტრირდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად, ადამიანები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ?
შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ გამოძიებას და მხილებას ხელისუფლების კორუფციული მხილების?
შეეხება თუ არა ეს კანონი იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკეთებენ დოკუმენტირებას და მხილებას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის და დასახიჩრების და მათ სამართლებრივ დახმარებას - ამ ორგანიზაციებს, როგორც კანონში იკითხება შეეხება და ისინი გამოცხადდებიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ფარცხალაძეს არ შეეხება და ერთხელ კიდევ ერთხელ რომ დააზუსტოთ“, - იკითხა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით ე.წ. რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს.