საქართველოს ცემენტის ასოციაცია შეფუთული ცემენტის მესამე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.
საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინიციატივით 2017 წელს ღია ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამიფარული ტესტირება ჩატარდა. ტესტირების შედეგების მიხედვით, დეკემბერში შეძენილი 25 ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ გაიარა ტესტი, ხოლო სამმა ზღვარს თითქმის მიაღწია. აღნიშნული ტესტირება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულმა ლაბორატორიამ განახორციელა, ხოლო „საქექსპერტიზამ“ ნიმუშების ანონიმური შეძენა უზრუნველყო. ევროპული სტანდარტების მიხედვით, მშენებლობის და სარემონტო
სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 Mpa-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, 2017 წლის აპრილის მონაცემებით, ოცდახუთი ტესტირებული სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ რვამ დააკმაყოფილა EN სტანდარტები.
2017 წლის აგვისტოში კი, ოცდაშვიდი შემოწმებული სხვადასხვა ცემენეტიდან მხოლოდ ოთხმა დააკმაყოფილა აღნიშნული სტანდარტი.
„როგორც ჩანს, ხარისხიანი ცემენტის წარმოებისთვის საჭირო ძირითადი ნედლეულის ნაცვლად, ადგილობრივი მწარმოებლები ხშირ შემთხვევაში იაფფასიან შეუსაბამო მასალებს იყენებდნენ. ნათელია, რომ ამ მწარმოებელთა მიზანს ფასის და უსაფრთხოების მიხედვით მომხმარებელთა ხარჯზე მოგების მაქსიმიზაცია წარმოადგენდა. შარშან დაახლოებით 300,000 ტონა ასეთი ცემენტი იქნა გაყიდული, რაც ცემენტის მთლიანი ბაზრის 13%-ს შეადგენს.
2017 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ცემენტის ხარისხს საქართველოს ცემენტის ასოციაცია (GCA) აკონტროლებს. ცემენტის ასოციაციის მიზანია დაეხმაროს ქართველ მწარმოებლებს, აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომელიც შეფუთვაზე დატანილ სტანდარტებს შეესაბამება“, - განმარტავენ ასოციაციაში.

























