ფინანსთა მინისტრი ომის ვეტერანთა მხარდაჭერის დაფინანსების გაზრდას არ გამორიცხავს, სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუშაობს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს პარლამენტში, 2027 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენის ეტაპზე ფინანსური რესურსები ხელახლა შეფასდება, რათა განისაზღვროს, რა შესაძლებლობა ექნება სახელმწიფოს ვეტერანებისთვის როგორც ფულადი, ისე არაფულადი სარგებლის გასაზრდელად.
"ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება", - აღნიშნა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი დაეთანხმა შეფასებას, რომ დღეს არსებული 100-ლარიანი დახმარება მცირეა, თუმცა ყურადღება გაამახვილა მოქმედ საგადასახადო შეღავათზეც:
"გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობაც საშემოსავლო გადასახადში დაახლოებით 600 ლარამდეა.
თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. არსებობს გარკვეული გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ მომდევნო პერიოდში ჩვენმა ვეტერანებმა უფრო მეტი სარგებელი მიიღონ - როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
























