სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს "ოცნების" მთავრობაში განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
უწყება წერს, რომ თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის და საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს.
ასევე იყო, საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და სხვა.
მემანიშვილმა პოსტზე ნინო წერეთელი ჩაანაცვლა, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორის თანამდებობაზე 2024 წლის თებერვალში დაინიშნა. bm.ge უწყებასთან ცდილობს გაარკვიოს, რით არის განპირობებული ცვლილება.


























