ექსპერტები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რომ ეკონომიკაში სამართლიანი თამაშის წესები უნდა დამკვიდრდეს ეთანხმებიან, თუმცა ამბობენ, რომ რეალურად ბახტაძის მიერ გაცხადებული ზოგადი პრიორიტეტი შესაბამისობაში ვერ მოდის იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან, რასაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გეგმავს.
"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ის ამკვიდრებს სამართლიანობის თამაშის წესებს, მაგრამ მეორეს მხრივ შემოაქვს აბსოლიტურად უსამართლო თამაშის წესები" - ამის შესახებ ,,საქმის კურსის“ ეთრში ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა. მისი თქმით, თუ მამუკა ბახტაძეს სურს ნამდვილად დამკვიდრდეს "სამართლიანი თამაშის წესები", მაშინ ეს წესები ბიზნესის ყველა მოთამაშეზე თანაბრად უნდა გავრცელდეს და არ უნდა მოხდეს შეღავათების დაწესება, მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სექტორისთვის.
"ხორბლის მწარმოებლებიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ითხოვენ სუბსიდიებს და არანაკლები პრობლემები აწუხებთ, ვიდრე რძის პროდუქტების მწარმოებლებს. არ შეიძლება სექტორების ასე დაყოფა, ეს აღარ არის სამართლიანი თამაშის წესები. სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ არავის ლობირება არ უნდა მოხდეს და სხვადასხვა ტიპის გადასახადები, იქნება ეს დღგ, საშემოსავლო, თუ მოგების გადასახადი, ერთნაირად უნდა გადაიხადოს ყველა სექტორმა", - აცხადებს აკაკი ცომაია.
მას ფინანსისტი ირაკლი ერაძეც ეთანხმება და ამბობს, რომ მამუკა ბახტაძის განცხადებებები ურთიერთ წინააღმდეგობრივია.
"მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ქართული ნატურალური რძეზე და რძის პროდუქტებზე საგადასახადო შეღავათების დაწესებასთან დაკავშირებით, ხელს არ შეუწყობს ბაზარზე არსებულ კონკურენციას. ეს შესაბამისობაში არ მოდის მის მიერ დაანონსებულ ზოგად პოსტულატთან, რაც არის "სამართლიანი თამაშის წესები ეკონომიკისთვის". ამ შემთხვევაში ეს არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს იმპორტულ პროდუქციას. რა დააშავეს სხვა სექტორებმა ასეთ შემთხვევაში? მაგალითად მეფრინველეობის ფაბრიკებმა, რომლებიც წლებია ითხოვენ ამ შეღავათებს", - განაცხადა ირაკლი ერაძემ.

























