სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 14 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ პროექტების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2013 წლიდან 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით „შეღავათიანი აგროკრედიტი“-ს პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ და გადაიარაღებულ საწარმოებში 14 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
„აღნიშნული მონაცემები მოწოდებულია ბენეფიციარების მიერ, გამოკითხვის შედეგად და ცვალებადია საწარმოების საქმიანობის სეზონურობიდან გამომდინარე. სეზონურობიდან გამომდინარე ასევე ცვალებადია სამუშაო ადგილები რეგიონების მიხედვით“, - აღნიშნეს სააგენტოში და დასძინეს, რომ დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით მოწინავე რეგიონებია: კახეთი, სამეგრელო და შიდა-ქართლი.
გარდა ამისა, როგორც სააგენტოში bm.ge-ის განუცხადეს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა 170 ახალი საწარმო, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 282,821,383.00 ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციითვე, 14 000 სამუშაო ადგილიდან 4000 სამუშაო ადგილზე მეტი ახალ საწარმოებში შეიქმნა.
ცნობისთვის: “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 1,1 მლრდ ლარის და 248 მლნ დოლარის სესხია გაცემული

























