შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყების შემდეგ ბანკების მიერ სოფლის მეურნეობის დაკრედიტება 1000%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტთან“ სოფლის მეურნეობის სამიისტროს პროექტების მართვის სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერი გიორგი ჯიბლაძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, პროექტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, 2013 წლის თებერვალში ეროვნული ბანკის მონაცემებით სექტორის დაფინანსება ბანკების მიერ 56 მილიონ ლარს არ აჭარბებდა. ამ დროის მონაცემებით კი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაცემული სესხი ლარში შეადგენს 727 მილიონ 315 ათას ლარს, ხოლო დოლარში 226 მილიონ 246 ათას ლარს.
გიორგი ჯიბლაძის ინფორმაციით, მთლიანობაში პროგრამის ფარგლებში 27 ათასზე მეტი სესხია გაცემული, საიდანაც 17 ათასი უნიკალური ბენეფიციარია.
„დღეის მდგომარეობით აქტიური პორტფელი ლარში არის 149 მილიონ 989 ათასი, ხოლო დოლარში 129 მილიონ 85 ათასი დოლარი. აქტიური ბენეფიციარების რაოდენობა ლარში შეადგენს 5 231 ადამიანს, დოლარში კი - 1313-ს“,- აღნიშნავს გიორგი ბაჯელიძე.
პროექტის მენეჯერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სახელმწიფო პროექტმა ბანკებში სექტორის მიმართ გარკვეული ნდობა გააჩინა.
„პროექტმა ხელი შეუწყო ბანკების მიერ ამ სფეროს გაწონასწორებას. რისკები უფრო შეუმცირდათ საფინანსო ინსტიტუტებს, რადგანაც სესხის თანადაფინანსებაში შედის სახელმწიფო“,- აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.
მისივე თქმით, ყველაზე მეტი დაინტერესება პროექტის მიმართ კახეთიდანაა, ასევე დიდია დაინტერესება შიდა და ქვემო ქართლიდან.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერის თქმით, პირველ ეტაპზე, როდესაც პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დაინტერესება დიდი არ ყოფილა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ პროექტის მიმართ დაინტერესება გაჩნდა და ეს ტრენდი წლიდან-წლამდე მზარდია.
2013 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის ბიუჯეტი 6 მილიონ 586 ათასი ლარი იყო. 2014 წელს 42 მილიონ 800 ათასი ლარი, 2015 წელს ბიუჯეტიდან პროექტისთვის 35 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, 2016 წელს პროგრამისთვის 41 მილიონი ლარი გამოიყო, მომდევნო წელს კი სახელმწიფო პროექტისთვის 47 მილიონი ლარი დაიხარჯება.

























