"შეღავათიანი აგროკრედიტი კარგია, რადგან მოცვის გაშენება ძალიან დიდ პირველად დანახარჯს მოითხოვს" - ასე აფასებს კომპანია "ბლუ ბერდ ბერიზის" დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივას, "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტისთვის „მოცვის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის“ კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით.
როგორც სალუქვაძე განმარტავს, მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოში მომხდარმა სტიქიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა როგორც მოცვის მოსავლიანობა, ასევე ამ მოსავლის აღება-დაბინავება, რის ფონზეც შეღავათიანი აგროკრედიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
"ძალიან კარგია შეღავათიანი აგროკრედიტი. როგორც იცით, საკმაოდ მაღალ ბიუჯეტს მოითხოვს მოცვის გაშენება, თავდაპირველი დანახარჯი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, შეღავათიანი აგროკრედიტი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. III-IV წელს, როდესაც მოსავლიანობა იწყება უკვე, რასაკვირველია, ფერმერის ამონაგები დადებითია, მაგრამ, სანამ მსხმოიარობაში შევა, სამი წელი მაინც სჭირდება. შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტი დაეხმარება ფერმერს პირველად წარმოებაში, პირველადი ინვესტიცია რომ შედარებით შემსუბუქდეს.
წელს ძალიან მძიმე წელი გვქონდა იმ მხრივ, რომ მარტი-აპრილის თვეში იყო სიცივეები, ყინვები რამდენიმე ღამე, რამაც განსაკუთრებით გურიის რეგიონი დააზიანა. ასევე იყო ქარი, რამაც გააფუჭა ბაღების დიდი რაოდენობა. კრეფის სეზონმაც დააგვიანა და, რაც დავიწყეთ, ივნისიდან ძალიან ნალექიანი პერიოდი გვაქვს. ფაქტობრივად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს წვიმებია, რაც ხელს გვიშლის, რომ მეორე დღეს მაინც შევიდეთ ბაღებში, იმიტომ რომ მინიმუმ ორი დღე უნდა დაველოდოთ, რომ გაშრეს მოცვი და მკრეფავები შევიყვანოთ. საკმაოდ გაგვირთულდა წელს გარემო პირობებიდან გამომდინარე სეზონი. სამეგრელოში მთელი ივნისის თვე უხვი ნალექი იყო, არის ჯიშები, რომლებიც ფაქტობრივად ან გადაგვიმწიფდა, იმის გამო რომ დროულად ვერ მოვკრიფეთ, ან გაგვიფუჭდა წვიმების გამო. თან წამლობების პერიოდშიც, შეწამვლა 10-14-დღიანი ინტერვალითაც ვერ ესწრებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ წვიმაში არ იწამლება და მშრალ ამინდს ფაქტობრივად ვერ დავემთხვიეთ", - აღნიშნა ბაია სალუქვაძემ.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს "ბლუ ბერდ ბერიზ" 4000 ტონამდე მოცვის მოსავალს მიიღებს, რომელიც შემდგომ ექსპორტზე, ევროკავშირის, გალფისა და რეგიონის ქვეყნებში გაიყიდება.
ცნობისთვის: ლურჯი მოცვის მწარმოებლებს 2025 წლის სეზონზე სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საშუალება ექნებათ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით. სოფლის განვითარების სააგენტო წერს, რომ გადაწყვეტილება თებერვალში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სექტორის მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა მიღებული.
შეღავათიანი სესხი იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მდებარე მოცვის პლანტაციების მფლობელებზე გავრცელდება. სესხის მიზნობრიობა მოცვის ბაღებში სეზონური აგრო სამუშაოების დროულად ჩატარებას ეხება.
აგროკრედიტის ფარგლებში, სესხის წლიური პროცენტის არაუმეტეს 9%-ს სოფლის განვითარების სააგენტო დააფინანსებს, თანადაფინანსების მაქსიმალური ვადად კი 12 თვე განისაზღვრა. პროექტის პირობებით გათვალისწინებულია, რომ სესხის სრული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.
სესხის თანხა განისაზღვრება მინიმუმ 10,000 ლარით და მაქსიმუმ 100,000 ლარით ერთ ბენეფიციარზე.