მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგიძლიათ დაზოგოთ ფული მხოლოდ ერთი შოკოლადის ფასად

დაზოგვა

დაზოგვა ჩვევაა, რომელსაც გამომუშავება სჭირდება. ამისთვის კი მცირე, თუნდაც სიმბოლური თანხით დაწყებაც საკმარისია. მთავარი არა ანაბარზე შეტანილი თანხის რაოდენობა, არამედ შენატანების რეგულარულობაა. შესაძლოა, ყოველდღე ყიდულობდეთ რაიმე პატარა ნივთს, რომელიც არ გჭირდებათ, მაგალითად, ჭიქა ყავას ან შოკოლადს, რომელთა ფასი 5-10 ლარია.

ერთი შეხედვით, ეს უმნიშვნელო ხარჯია, მაგრამ თუ ამ თანხას რეგულარულად გადადებთ, მისი ჯამი, თუნდაც თვის ბოლოს და მით უმეტეს წლის ბოლოს, დანაზოგად იქცევა. სწორედ ეს არის ფინანსური ჩვევის ძალა. დაზოგვაც ხომ ფინანსური ჩვევაა და არა მხოლოდ შესაძლებლობა. ჩვევის გამომუშავება კი დროისა და დისციპლინის შედეგია.

დროთა განმავლობაში ეს ჩვევა უფრო და უფრო ძლიერდება, რადგან როცა ხედავთ, როგორ იზრდება თქვენი დაზოგილი თანხა, ბუნებრივად გიჩნდებათ სურვილი, კიდევ უფრო გაზარდოთ ის, ხარჯები უფრო სწორად დაგეგმოთ და მიზნებიც დაისახოთ. მაგალითად, მოგზაურობა, განათლება ან მნიშვნელოვანი ნივთის ყიდვა, რომლის შეძენის სურვილი დიდი ხანია გაქვთ, თუმცა ამისთვის საჭირო თანხა ერთდროულად არასოდეს გქონდათ.

გარდა ამისა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ დაზოგვა მხოლოდ ფულის დაგროვებას არ ნიშნავს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გზა თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისა და ფინანსური უზრუნველყოფისკენ. როცა დანაზოგი გაქვთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევები აღარ არის სტრესის მიზეზი. მაგალითად, მოულოდნელად გაფუჭებული ტელეფონი ან მეგობრის ქორწილი აღარ გიქმნით დისკომფორტს და აღარ არის ფინანსურად სტრესული. ახლა დაზოგვის მნიშვნელობაზე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზეც ვიმსჯელოთ.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ 18 წლის, გაქვთ 1 200 ლარის ხელფასი და ყოველთვიურად ამ თანხის 15%-ს, ანუ 180 ლარს ინახავთ. ეს თანხა გადაგაქვთ ანაბარზე, რომელსაც აქვს 6.5% წლიური სარგებელი (რთული პროცენტით). ამასთან, თქვენი ხელფასი საშუალოდ ყოველწლიურად 3%-ით მზარდია და შესაბამისად, თქვენს ყოველთვიურად დასაზოგ თანხასაც ზრდით. ამ სტრატეგიით, თუ 65 წლის ასაკამდე დაზოგავთ ფულს, თქვენს ანაბარზე დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება. ეს მაგალითი გვიჩვენებს, თუ რამდენად დიდი თანხის მოგროვება შეიძლება რეგულარულად თქვენი შემოსავლის 15%-ის გადადებით.

სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, დაზოგვის კულტურა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ადამიანები ხშირად უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ დღევანდელ მოხმარებას, ვიდრე მომავალ უსაფრთხოებას. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, პირველ რიგში, ეს არის მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა და დაბალი შემოსავალი. თუმცა, თანმდევი მიზეზი ფინანსური ცოდნის ნაკლებობაა, რის გამოც ადამიანს დაზოგვის ჩვევა გამომუშავებული არ აქვს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაზოგვის დაწყება 1 ლარითაც შეიძლება.

დაზოგვის კულტურა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობა შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ზოგავს. ზოგან ეს მაჩვენებელი 20%-საც კი აღწევს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ საკუთარ მომავალზეც აქტიურად ზრუნავენ.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან? მთავარი გაკვეთილი მარტივია − არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს გამოიმუშავებთ. მნიშვნელოვანია, როგორ მართავთ ამ თანხას. დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. გადადეთ თუნდაც ერთი შოკოლადის თანხა, თუმცა მთავარია, ეს გააკეთოთ რეგულარულად. დროთა განმავლობაში ეს პატარა გადაწყვეტილება შეიძლება გადაიქცეს დიდ ფინანსურ წარმატებად. დაზოგვა არის გზა სტაბილურობისკენ, თავისუფლებისა და თავდაჯერებულობისკენ. და ყველაზე მნიშვნელოვანი − ამ გზაზე სვლა შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ.

ფინანსური განათლების რუბრიკის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები