მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“შეგვიძლია 2000 ტონა ვაწარმოოთ წელიწადში”- "ჩირინა" ჩინეთში ექსპორტს განიხილავს

რეზო ვაშაკიძე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ქათმის ხორცის ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის ჩინეთის ბაზარზე.

კომპანია "ჩირინაში" ქათმის ფეხების ჩინეთში ექსპორტზე წლებია მუშაობენ, თუმცა პროცესი შედეგამდე ამ დრომდე არ მისულა. კომპანიის დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე შეთანხმებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კომპანიას ჩინეთის ბაზარზე შესვლის პოტენციალი უკვე აქვს.

“თუ ხელშეწყობა იქნება, ქათმის ძირითად ნაწილებს გავყიდით საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, ჩვენ დღემდე გვაქვს აქტიური ვაჭრობა სომხეთთან, აქტიური აზერბაიჯანთან და თუ იქნება ხელშეწყობა, ჩვენ რა საკვირველია, შევძლებთ ქათმის სხვა ნაწილების, მაგალითად ფეხების, თავის, კისრის გაყიდვას ჩინეთში, მაგრამ ჩვენი წვლილი, მაინც უმნიშვნელო იქნება, რადგან ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია.

ახლა ამ პროდუქტებს ჩვენ ვამუშავებთ და ვიღებთ ფქვილს, კერძოდ, ეს ფქვილი გამოიყენება ძროხების, ღორების საკვებად. თუ ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდება, ამ მიმართულებით აღარ მიემართება ეს პროდუქცია. რაც ვიცი, დღევანდელი ფასები ჩინეთში ქათმის ფეხებზე, კისერზე ძალიან მაღალია, მოთხოვნაც დიდია. რენტაბელობა აქვს, მაგრამ საკითხი დგას რაოდენობების და ლოგისტიკის.

ჩვენ დაახლოებით შეგვიძლია 2000 ტონა ვაწარმოოთ წელიწადში დღეს, მაგრამ თუ წარმოებას გავზრდით, უფრო მეტი რესურსიც არსებობს,”- ამბობს "ჩირინას" დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები