“ასკანელის” დამფუძნებლის, გოჩა ჩხაიძის განცხადებით, ყვარელში აშენებულ ახალ საქვევრეში ხდება როგორც ქვევრების გაგრილება, ისე გათბობა. როგორც გოჩა ჩხაიძემ “ბიზნესის კვირეულისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა, ეს ტექნოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის ფერმენტაციის დროს.
“საქვევრეში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ შეგვიძლია ქვევრის როგორც გაგრილება, ისე გათბობა. ქვევრის ღვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტემპერატურული რეჟიმი ფერმენტაციის დროს. ამას იოლად ვაღწევთ ამ ტექნოლოგიით. მეორადი დუღილი შეგვიძლია ქვევრის გათბობით წარმოვქმნათ და ნაკლები ჩარევა მოხდეს ღვინოში ფერმენტებით. ესენი ნიუანსებია, მაგრამ ის იძენს ძალიან დიდ მნიშვნელობას თვითონ ღვინის წარმოებისთვის. რასაკვირველია, მთავარია ადგილი, ყურძენი, მისი ხარისხი, მაგრამ არ უნდა გააფუჭო ღვინო, უნდა შეინარჩუნო ხარისხი”, - თქვა გოჩა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, ყვარელში “ასკანელმა” ააშენა ახალი ინოვაციური საქვევრე მარანი, სადაც 87 ქვევრია განთავსებული და მთლიანობაში 120 ტონა ღვინის დატევა შეუძლია. ქვევრების გარშემო მიწაში ჩამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგია, რაც მიწისქვეშა ტემპერატურის სრულ კონტროლს გულისხმობს. გათბობა-გაგრილების მექანიზმით შესაძლებელი ხდება ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობის გაზრდა, რაც საბოლოოდ უფრო მდიდარ არომატულ და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიან, უმაღლესი ხარისხის ღვინოებს იძლევა, ისე რომ ხელი არ შეეშალოს ქვევრში ღვინის დაყენების ბუნებრიობას.