მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეი გილჯეს-ალექსანდერი “ოკლაჰომა სითი თანდერთან” სარეკორდო კონტრაქტს გააფორმებს

გილჯეს ალექსანდერის ახალი კონტრაქტი

მას შემდეგ, რაც შეი გილჯეს-ალექსანდერმა თავი “ოკლაჰომა სითი თანდერის” ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ დაიმკვიდრა, მან კიდევ ერთი დამსახურებული და ისტორიული ანაზღაურება მიიღო. ESPN-ის ანალიტიკოსის შამს შარანიას ინფორმაციით, 26 წლის ვარსკვლავი ხელს ოთხწლიანი, 285 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ-მაქსიმალური კონტრაქტის გახანგრძლივებას მოაწერს.

ეს არის ყველაზე მაღალი წლიური ხელფასი NBA-ის ისტორიაში. გილჯეს-ალექსანდერი ჯერ კიდევ მანამდე ითვლებოდა კონტრაქტის გაფორმების უპირობო კანდიდატად, სანამ MVP-ის ტიტულს მოიპოვებდა და ოკლაჰომას პირველ ჩემპიონობამდე მიიყვანდა. ის არის კლუბის სახე და სწორედ მისი წყალობით აღმოჩნდა გუნდი იქ, სადაც ახლაა.

კონტრაქტის გაფორმების ირგვლივ ერთადერთი გაურკვევლობა მისი დრო იყო – შეის შეეძლო ეს ზაფხულში გაეკეთებინა (რაც მოხდა კიდეც), ან დაეცადა მომავალ სეზონამდე და გაეფორმებინა ხუთწლიანი ხელშეკრულება უფრო მაღალი წლიური ანაზღაურებით. იმ შემთხვევაში ის პირველი მოთამაშე იქნებოდა NBA-ის ისტორიაში, რომლის ანაზღაურება ერთ სეზონში 80 მილიონ დოლარს გადააჭარბებდა, თუმცა როგორც ჩანს, მან უფრო მოკლე კონტრაქტის უფრო ადრე გაფორმება არჩია. მიუხედავად ამისა, ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის იდეალურია. გილჯეს-ალექსანდერი ხდება ლიგაში წლიური ანაზღაურებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, ხოლო “ოკლაჰომამ” თავის მხრივ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დიდი ხნით დაიბევა.

შეი შემდეგ ორ სეზონს (2025-26 და 2026-27) გაატარებს წინა კონტრაქტის პირობებში – შესაბამისად, 38.3 და 40.8 მილიონი დოლარით. შემდეგ კი ახალი სუპერმაქსიმალური კონტრაქტი ამოქმედდება, რომელიც 2027-28 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

ახალი კონტრაქტის ბოლო სეზონი იქნება 2030-31 წლების სეზონი, როცა გილჯეს-ალექსანდერი უკვე 32 წლის იქნება და წლიურად დაახლოებით 80 მილიონ დოლარს მიიღებს, რაც შესაძლებელია კიდევ უფრო გაიზარდოს სახელფასო ჭერის ზრდის ფონზე.

“თანდერი” ახლა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდია NBA-ში – ახალი ვარსკვლავებითა და შთამბეჭდავი დრაფტ-კაპიტალით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის შენარჩუნება სულ უფრო ძვირი გახდება (რაც ლოგიკურია წარმატებისას), კლუბის ფინანსური მდგომარეობა კვლავ მყარად გამოიყურება და გრძელვადიანი წარმატება სავსებით რეალურია.

ამ ნაბიჯის შემდეგ, კლუბი კიდევ ორ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გეგმავს – ჯალენ უილიამსისა და ჩეტ ჰოლმგრენისთვის. ორივე მოთამაშე “ახალბედას” მაქსიმალური კონტრაქტის გაფორმების უფლებით სარგებლობს, და მოლოდინია, რომ ისინი კონტრაქტებზე უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ, რაც ოკლაჰომას დიდი სამეულის მომავალს წლების განმავლობაში გაამყარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები