მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეიძლება, ექიმს ვედაოთ შუქნიშანზე ყვითელზე გადასვლის გამო, როცა ის ოპერაციას წარმატებით ასრულებს?"

5c8fc266cf9a7
თათია ჩაფიჩაძე
19.03.19 09:50
1186
„გარიგების აქტის შინაარსი  არ ეწინააღმდეგებოდა არცერთი კომპანიის ინტერესს და ამასთანავე, არ დარღვეულა სახელმწიფო ინტერესი, რადგან ამავე გარიგების შედეგად მიღებული თანხა და ქონება მიექცა სახელმწიფო საკუთრებაში“, - ასე აფასებს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვით, 2012 წელს ფოსტის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა სამოქალაქო კოდექსი დაარღვია, როდესაც გარიგება საკუთარ თავთან გააფორმა.

საუბარია, "საქართველოს ფოსტასა" და "სახელმწიფო ლატარიის კომპანიასთან" გაფორმებულ კონტრაქტზე, როცა ორივე კომპანიას ერთი დირექტორი ჰყავდა, რომელიც კონტრაქტს ორივე მხარის სახელით აწერდა ხელს. აღნიშნული ხელშეკრულება დავალიანების დაფარვის საკითხს ეხებოდა.

როგორც ირკვევა, "საქართველოს ფოსტამ" დაარღვია 2012 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ქირავნობის კონტრაქტი. დავალიანების სახით წარმოშობილი 661,728 ლარის სანაცვლოდ, შპს "საქართველოს ფოსტამ" შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიას" საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, საერთო ფართით − 1,858.85 კვ.მ.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ამ შემთხვევაში, როდესაც ორივე კომპანიას ერთი და იგივე ადამიანი წარმოადგენს, ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა მაღალია. მეტიც, აუდიტი თავად ამ სახელმწიფო კომპანიების რეგულატორის - სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნული ტრანზაქციის რეგულირების პროცესს "ბუნდოვანად" აფასებს.

“მსგავსი გარიგების დადებისას შესაძლოა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი. პირისთვის, რომელიც ორი სხვადასხვა მხარისათვის დებს ერთ გარიგებას, რთული გადასაწყვეტია, რომელ წარმოდგენილ მხარეს შეუქმნას საუკეთესო პირობები. ერთისთვის უპირატესობის მინიჭება ავტომატურად მოქმედებს მეორე მხარის საწინააღმდეგოდ.

ამ შემთხვევაში, ლატარიის კომპანიისთვის დავალიანების სანაცვლოდ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხში, ერთ მხარეს წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო, ხოლო მეორე მხარეს 70%-ით − სახელმწიფო და 30%-ით − კერძო საკუთრებაში არსებული კომპანია, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ერთი და იმავე პირისათვის რთულდება ორივე მხარის ინტერესების თანაბრად დაცვა. ინტერესთა კონფლიქტის რისკს უფრო მეტად ზრდის ის ფაქტი, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებაზე პარტნიორის (სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) პასუხი იყო ბუნდოვანი.

კომპანიაში დანერგილი ზემოაღნიშნული პრაქტიკა მაღალი რისკის მატარებელია რესურსების არარაციონალური გამოყენების თვალსაზრისით. აღნიშნული რისკი უფრო იზრდება, როდესაც შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადებული გარიგებები მარეგულირებელი ნორმების მიხედვით, არ თანხმდება, ან არასათანადოდ თანხმდება პარტნიორთან,"- წერია ანგარიშში.

„არ მინდა ფოსტის 3000 თანამშრომელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მათი მენეჯემენტი, მათი გენერალური დირექტორი კანონდარღვევით ახორციელებს რამე ქმედებას. თუ თქვენ კარგად წაიკითხავთ ამ დასკვნას, იქ მითითებულია თარიღი როცა შედგა ეს გარიგება და ეს არის 2012 წლის სექტემბერი, როცა მე არ გახლდით ფოსტის ხელმძღვანელი. ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მივმართეთ სასამართლოს და ეს ურთიერთობა მოწესრიგდა სასამართლო განჩინების საფუძველზე ორივე კომპანიის სასარგებლოდ, ხოლო ქონება მოექცა სახელმწიფო საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში კანონდარღვევაზე შეუძლებელია საუბარი და თუ მაინცდამაინც ანალოგს გავაკეთებთ, შეიძლება მოვიყვანოთ ექიმის მაგალითი, როცა ის მიდის ოპერაციის ჩასატარებლად, გზაზე გადადის ყვითელზე, არათუ წითელზე და სამაგიეროდ ოპერაციას ასრულებს წარმატებით. შეიძლება ასეთ ექიმზე ვთქვათ, რომ ეს ცუდი ექიმია? - დაახლოებით, ასეთი სიტუაციაა“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ „საქმის კურსის“ ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები