ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გასულ კვირას ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს გადახდისუუნარობის შესახებ მომზადებული ახალი კანონია. როგორც ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი, მარიამ მეღვინეთუხუცესი აცხადებს, მათი ძირითადი შენიშვნები კანონის პროექტში გათვალისწინებულია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია სასამართლოსა და გადახდისუუნარობის მმართველთა კომპეტენციის საკითხი, რათა პოზიტიური ცვლილებები ხელშესახები გახდეს.
მეღვინეთუხუცესის შეფასებით, შეიძლება არსებობდეს კარგი კანონი, მაგრამ თუ არ იქნება შესაბამისი კომპეტენცია, პროცესები შესაძლოა სწორად ვერ წარიმართოს.
„ორი პრობლემა იყო ძირითადი ჩვენი აზრით კანონპროექტის წინა ვარიანტში. აღსრულების ბიუროს ანაზღაურება და საგადასახადო ვალდებულებების უპირატესობა უზრუნველყოფილი კრედიტორების მოთხოვნების მიმართ. კანონის ბოლო ვარსიანტში ეს ორივე კრიტიკული თემა გადაწყდა და ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული კანონმდებლობა გვექნება იმ შემთხვევაში, თუ კანონი იმ ფორმით დამტკიცდება პარლამენტის მიერ, როგორიც დღეს არის.
ვიმედოვნებთ, რომ საპარლამენტო განხილვები ზაფხულამდე დამთავრდება. ამავდროულად მნიშვნელოვანია როგორც კანონმდებლობა,ასევე კომპეტენცია. შეიძლება არსებობდეს კარგი კანონი, მაგრამ არ იყოს კომპეტენცია, რომ სწორად წარმართოს კონკრეტული გადახდისუუნარობის ან რეაბილიტაციის პროცესები“-აცხადებს მარიამ მეღვინეთუხუცესი.

























