სასამართლოში საქმეების მათ შორის, ბიზნესს დავების გაჭიანურება თემიდასთვის საქართველოში დიდი ხნის პრობლემაა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. იურისტები ერთსა და იმავე საქმეებს ქართული ტემპებით ხშირად ხუთი, ათი ან კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში მიჰყვებიან.
კომპანია "ოქეი ენდ სი ჯი"-ის დამფუძნებლის ოთარ კაჭკაჭიშვილი თქმით, კლიენტთან ურთიერთობის დაწყებისას რამდენიმეწლიანი განხილვის სქემაზე ინფორმაციის გაცნობა ნორმად იქცა, რაც ხშირად სიმართლის მაძიებელი მეწარმეებისათვის სასამართლოში დავის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი ხდება. წლობით ერთსა და იმავე საკითხზე სასამართლო დავაში ჩაბმა სამართლიანობის ძიებაშიც კი ხშირად აღარ ფასობს.
“სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში დღემდე ფიქსირდება და გამოსწორებას არ დაექვემდებარა გაჭიანურებულ საქმეთა მართვის პრობლემა. ეს ეხება თითქმის ყველა ტიპის საქმეს და შეიძლება ითქვას სასამართლოში “დიდი საცობია” საქმეთა განხილვის თვალსაზრისით”, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
საქართველოს სასამართლო სისტემა სხვადასხვა დარგის საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა სასამართლო ხელისუფლება 2017-2021 წლების სტრატეგიაში საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემას აღიარებს. საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ასაკს ძირითადად პირველი ინსტანციის სასამართლოების ხარჯზე იძენს.
ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა გადატვირთვაა. რაც ნიშნავს, რომ მათ იმაზე მეტი საქმის განხილვა უწევთ, ვიდრე ამისი რესურსი აქვთ.
“კანონში პირდაპირ გვიწერია, რომ საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დასრულდეს ორი თვის ვადაში. თუ განსაკუთრებული რთული კატეგორისაა ამ შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს, თუმცა მაქსიმალური ვადა ხუთი თვეა, მაგრამ მოცემულობა ისეთი გვაქვს, რომ ფაქტობრივად ყველა საქმეზე კანონით განსაზღვრული ეს ჩარჩო ირღვევა”, - ამბობს კოჟორიძე.
ქართულ სასამართლოებში საქმეების გაჭიანურების საკითხი დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა და „დემოკრატიის ინდექსმა” შეისწავლა. მათ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ უმკლავდება შემოსულ საქმეთა მზარდ ნაკადს, რაც იწვევს საქმეების დაგროვებასა და მოსამართლის გადატვირთულობას. ამას გარდა, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემას არ აქვს საქმეთა დაგროვების პრევენციის ან ნაკადის მართვის პოლიტიკა. რის გამოც ბევრ საქმესთან გამკლავება ძირითადად, ცალკეული მოსამართლეების მონდომებაზეა დამოკიდებული.
“საერთო სასამართლოებში არ არის შექმნილი კონკრეტული სისტემა, რაც აქვთ ევროპის ქვეყნებში და რომელიც გულისხმობს ძალიან კომპლექსურ მექანიზმს იმის რომ მოხდეს მონიტორინგი სად და რატომ ჭიანურდება და რა არის საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზები. იმისთვის, რომ შემდეგ ამ მიზეზების ინდივიდუალურად აღმოფხვრა მოხდეს. აღმოჩნდა, რომ მოსამართლეები ძალიან გადატვირთულები არიან და მათ არაგონივრულად ბევრი საქმე აწერიათ. ეს არის ერთი პრობლემა, თუმცა არ ხდება მიზეზების დადგენა და ძალიან ბევრი მიზეზია, რაც გამოკვლეული უნდა იქნეს. მოსამართლეების რაოდენობის ხარჯზე კი არ უნდა მოხდეს საქმეთა განხილვის დაჩქარება, არამედ ეფექტიანობის ხარჯზე", - გვეუბნება "დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე.
პრობლემის მასშტაბურობას ადასტურებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევაც, სადაც სასამართლოს ხელმისაწვდომობის ბარიერებს შორის მოქალაქეები პირველ რიგში საქმის განხილვის ხანგრძლივობას ასახელებენ.
“მაგალითად ჩემს წარმოებაშია ფონდი კონსტანტას საქმე, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია გრძელდება. არის რუსთავი 2-ის საქმე, დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის წარმომადგენელი ვარ და ექვსი წელია ეს საქმე სასამართლოშია. როცა ქიბარ ხალვაშმა დაიწყო რუსთავი 2-ზე დავა, მან 1.5 წელში მოიარა ყველა ინსტანცია. არის საავიაციო ქარხნის საქმე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავა იყო და 11 წელი გაგრძელდა ამ საქმეზე სასამართლოს წარმოება. არა მარტო ქართული, არამედ უცხოური კომპანიებიც ზარალდებიან გაჭიანურებული საქმეებით”,- ამბობს კოჟორიძე.
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმეების განხილვა განსაკუთრებით მაშინ ჭიანურდება, როცა ბიზნესს სახელმწიფო უწყებებთან უწევს სასამართლოში დავა.
“მაგალითად ერთ ქუვეითურ კომპანიას თბილისის მერიასთან დავა 2020 წლიდან აქვს. 2025 წელი მოვიდა და ფაქტობრივად არ უჩანს ბოლო. ასევე შემიძლია ვთქვა გურიის რეგიონში არსებულ დავაზე, სადაც მოსამართლე ვერ ამბობს როდის იქნება შესაძლებელი ჩვენი დავის განხილვა. ანუ ვერ ასახელებს არათუ თვეს, არამედ რომელ წელს შეიძლება იყოს განხილული ეს საქმე”, - აცხადებს ის.
ცირდავა ასევე გვეუბნება, რომ რეპუტაციული და გამჭვირვალე კომპანიები საქართველოში შემოსავლისგან ხშირად თავს იმიტომ იკავებენ, რომ მათთვის წარმოუდგენელია სასამართლო დავამ 5-6 წელს გასტანოს.
იურისტები ასევე ამბობენ, რომ სასამართლოში არსებული ვითარებით ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო გარემოც, რადგან ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი სწორედ თავისუფალი და ეფექტიანი სასამართლოა. მით უფრო მაშინ, როცა საქმე მსხვილ ინვესტიციებს ეხება. ისინი კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ინვესტიციების დაცულობის ერთადერთი გარანტი არა რომელიმე ხელისუფლება, არამედ დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოა.
“დამიჯერეთ, ძალიან ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე ფაქტორი რის გამოც მსხვილი ინვესტიციები საქართველოში არ ხორციელდება”, - აცხადებს კახა კოჟორიძე.
საინვესტიციო გარემოზე უარყოფით გავლენაზე საუბრობს ოთარ კაჭკაჭიშვილიც.
“ჩემი როგორც გარე დამკვირვებლის თვალით ეს შეიძლება დავაბრალოთ საკადრო პოლიტიკას, რომ ნაკლები მოსამართლეა დასაქმებული. მარტივად რომ ვთქვათ მოსამართლეები არიან ცოტა. თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძალიან ბევრია მოსამართლეობის მსურველი, მაგრამ დღემდე მათი გამწესება რატომღაც არ ხდება. ბუნებრივია, ეს გავლენას ახდენს როგორც საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესზე ეკონომიკურ დავებს საერთოდ აზრი ეკარგება ასეთ შემთხვევაში”, - ამბობს ის.
ბოლო წლებია პირდაპირი უცხოური უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში ისედაც ცოტა შემოდის, კლებად ტრენდზეა.
2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო, ანუ 15%-ით ნაკლები, ვიდრე 2022-ში. კლების დინამიკა გაგრძელდა 2024 წელსაც. შარშან სამ კვარტალში FDI-ის მოცულობა 40%-ით შემცირდა, ასევე 4%-მდეა შემცირებული მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში.




























