“შეიძლება ორი თვით ადრე რომ გვეთქვა, ჯობდა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა” - განაცხადა "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით "Forbes-ის კვირის" ეთერში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი ამბობს, რომ “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმების მთავარი მიზანი ბიზნესისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემაში მდგომარეობს.
მაჭავარიანის თქმით, მასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, უმსხვილესი ბიზნესასოციაციები აღნიშნულ გადაწყვეტილებას “გაგებით მოეკიდნენ.”
აქვე მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე კრიტიკულად ამ გადაწყვეტილებას უმსხვილესი კომპანიები შეხვდნენ.
“რეალურად, 200 მსხვილი გადამხდელი, ოქროს სიის სტატუსის მქონე კომპანიები გამოდიოდნენ და ისინი გამოხატავდნენ საჯაროდ უკმაყოფილებას. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ძირითადად ყველა მსხვილი ასოციაცია იყო იქ და ისინი გაგებით მოეკიდნენ. ჩემთან იყო 10-მდე ბიზნესასოციაცია, აქედან უმეტესობა გაგებთ მოეკიდა, განსაკუთრებით მსხვილი ასოციაციები, რისთვისაც მე მათ მადლობას ვუხდი,” - განაცხადა მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრი ასევე ამბობს, რომ იმ არხებმა, რომელთაც ბიზნესი მოსალოდნელი გაუქმების შესახებ უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში კარგად ვერ იმუშავა, რადგან ბიზნესს 2017 წლიდანვე უნდა შეეტყო, რომ მთავრობა სიის გაუქმებაზე ფიქრობდა. მათ შორის მაჭავარიანი ბიზნესომბუდსმენის აპარატსაც აკრიტიკებს.
“გეტყვით ვადებთან დაკავშირებით, უყურეთ რასთან გვაქვს საქმე, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ ეს ოქროს სია გაუქმდებოდა. ეს ჩანს სავალუტო ფონდის რეპორტში. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიზნესმენი ვალდებულია, წაიკითხოს სავალუტო ფონდის ანგარიშები, რეპორტები და თავის ბიზნესს ასე უყუროს. მაგრამ აქ ჩვენ გვყავს ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ბიზნესასოციაციები, არის უამრავი ექსპერტი, უამრავი არასამთავრობო, თავად ბიზნესომბუდსმენი, ძალიან ბევრი ორგანიზაცია არის, რომელიც წლის განმავლობაში უყურებს ბიუჯეტს, სადაც ჩანს ძირითადი ფისკალური პოლიტიკა და ამაზე რეაგირება მათ რასაკვირველია უნდა ჰქონდეთ.
მე გული დამწყდა რაზე, ის რომ ის არხები, ის პლატფორმები, საიდანაც ეს დისკუსია უნდა ხდებოდეს, მათ ვერ მოახერხეს ბიზნესის ინფორმირება. იგივე ვალდებულება სხვათა შორის, ჩვენ 2018 წელსაც გვქონდა ბიუჯეტში. 2018 წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმება. ეს პლატფომები და ეს არხები აბსოლუტურად ინერტული და უმოქმედო აღმოჩნდნენ. რატომ იცით? ჩვენთან როგორ არის მიჩვეული ყველა, “აი დაგვიძახებენ, ფინანსთა მინისტრს შევხდებით, დავილაპარაკებთ.” მე არ მენანება არც დრო და არც ენერგია, რომ ბიზნესს შევხვდე და შევხვდები, თუმცა ძალიან კარგი იქნება, რომ ის ინსტიტუციები, ის ადამიანები, ვინც მოწოდებული არიან, რომ ცოტა მეტი იფიქრონ ეკონომიკაზე, ცოტა მეტი ყურადღებით უყურონ ამ საკითხს, მათ თავის დროზე ეთქვათ, რომ 2017-ში აპირებს მთავრობა გაუქმებას,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: სავალუტო ფონდის დოკუმენტი, რომელზეც მაჭავარიანი საუბრობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ 2017 წლის აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშია, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა საკუთარი გადაწყვეტილებით, "ოქროს სიის" ბენეფიტების გაუქმებას გეგმავდა.

























