გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ირწმუნება, რომ პლასტიკის ბოთლებით სასმელის გაყიდვის აკრძალვა პროდუქტს გარკვეულწილად გააძვირებს, თუმცა არა კატასტროფულად. „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ ფასებზე საუბარი გაუჭირდებოდა. თუმცა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ შეზღუდვით გამოწვეულ ფასების მატებას ჯანდაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით მიღებული დადებითი შედეგი დააკომპენსირებს.
„როცა ქვეყანაში თავისუფალი ფასწარმოქმნაა და თავისუფალი კონკურენცია, ძალიან ძნელია და მიჭირს კიდეც ახლა პოლიტიკური თანამდებობის პირმა ზუსტად ილაპარაკოს, როგორ იქნება ეს ფასები.
რა თქმა უნდა, გარემოსადმი კომპენსაციები ყველა ქვეყანას აქვს. შეიძლება გარკვეული გაძვირება გამოიწვიოს, მაგრამ ეს არ იქნება კატასტროფული გაძვირება. ამას ირიბი ეფექტები აქვს - ჩვენ როდესაც გარემოზე მიყენებულ ზიანზე ვსაუბრობთ, ეს ზიანი ისეთი დიდია, რომ შინაარსით ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას გულისხმობს. ამიტომ ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები უდავოდ ღირს პრევენციისთვის, იგივე ჯანმრთელობის და ბიომრავალფეროვნების დანაკარგების საკომპენსაციოდ. ამიტომ უნდა გადავწყვიტოთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი გათვლებით და შეფასებებით, მნიშვნელოვანია ნარჩენების წარმოქმნა შევამციროთ და შემდეგ არ მოხდეს ჯანმრთელობაზე და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილი იმასაც ამტკიცებს, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება ბიზნესთან კოორდინაციით მიიღო და იმედოვნებს, რომ გარკვეულ საკითხებში წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიზნესი ახალ რეგულაციებს მოერგებიან.
„ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იღებს, შეთანხმებულია ბიზნეს სექტორთან. ვინც მისმენს, დამეთანხმებიან - ჩვენ მათ შევხვდით, ავუხსენით როგორი იყო ჩვენი ხედვა, როგორი იყო სტრატეგიული ამოცანები და მათთან გავიარეთ. შეიძლება პოლიტიკურად და ისედაც, სახელმწიფოს როგორც უნდა, მათთვის შეიძლება მისაღები არ არის. ხშირ შემთხვევაში არის წინააღმდეგობები და ჩვენ გვესმის მათი. მაგრამ საბოლოოდ, ჩვენ პროცესების სინქრონიზაცია უნდა მოვახდინოთ, რადგან ეს მხოლოდ გარემოს დაცვის პრობლემა არ არის, ეს არის ეკონომიკური და სოციალური პრობლემა - ასე უნდა მივუდგეთ ჩვენ ყველანი. ვფიქრობ, გარკვეულ ეტაპზე ისინიც გადაეწყობიან. ჩვენ მათ ამ ნაწილში ექსპორტს არ ვუკრძალავთ. წარმოებას პირდაპირ არ ვეხებით - არ ვზღუდავთ, ჩვენ ვიცავთ შიდა ბაზარს, შიდა ბაზარზე ამ შეფუთვით სასმელების მიწოდებას ვკრძალავთ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ცნობისთვის, 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება.



























