პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ტელევიზიებს სერიალები დაუწუნა და გააკრიტიკა.
როგორც მან „იმედში“ სტუმრობისას განაცხადა, მდარე სერიალების გამო, „შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ“.
„საზოგადოებას და მედიას, რომელიც არის ინფორმაციის ძირითადი წყარო, ამას თუ ანალიზს გავუკეთებთ, ბოლო რამდენიმე დღე მსჯელობა გვქონდა გუნდში, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწისტყვაობა გაჩნდა ჩვეულებრივ პრაქტიკად, რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია და დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის, ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები - ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ტელევზიები „იაფი ტრიუკებით ცდილობენ მოსახლეობის მიზიდვას.
„ტელევზიები და მათ რიცხვში თქვენი ტელევზიიაც - „იმედიც“, თუ კრიტიკაზე წავალ შემიძლია თქვენი ტელევიზიაც ვაკრიტიკო, არა მარტო „რუსთავი 2“, თუმცა იქიდან რაც მოდის, ენით აღუწერელია და აქედან გამომდინარე, ის პრობლემა რაც დგას, არის გაცილებით გლობალური, ვიდრე „ქართული ოცნების“ არჩევნები 2019 თუ 2020 და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენა - ეს არაა მთავარი. არის უფრო მთავარი მიმართულება, რომ საზოგადოება არ წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. ის, რაც ხდება და ამის ანალიზი რომ გავაკეთოთ და თუ ეს დიდხანს გაგარძელდა, შეიძლება სხვა საზოგადოება მივიღოთ - გამოთაყვანებული, ბოდიშის მოხდით“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გამოსავალს ეროვნული კინო ინდუსტრიის აღორძინებაში ხედავს.
„შესაბამისად, რასაც ვცდილობთ და რასაც ვაკეთებთ, კინო ინდუსტრია უნდა აღორძინდეს. საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების გადაღება. მათ რიცხვში სერიალების, ისტორიული სერიალების; ჩვენ გვაქვს გენიალური ისტორია. მე ყოველთვის ვამაყობდი ჩვენი უწყვეტი კულტურით, ჩვენი იდენტობით, გვაქვს ბევრი საამაყო ფურცლები ისტორიაში და ამ მდარე სერიალებით მივდივართ იქითკენ, რომ შესაძლოა საზოგადოება დავკარგოთ. შესბამისად მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს, „ქართუ ფონდი“ მიიღებს დაფინანსებაში მონაწილეობას და უნდა აღორძინდეს კინოწარმოება, მათ შორის სერიალები. ჩვენ ჩვენი ისტორია უნდა ვაჩვენოთ და არა - ეს მდარე სერიალები“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

























