მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეკვეთები შესუსტებულია, ამიტომ მკერავების რაოდენობა შევამცირე - ლაურა ღაჭავა

სამკერვალო

ტექსტილის დარგში არსებულ კრიზისზე სექტორში მომუშავე ბიზნესები ბოლო ერთი წელია საუბრობენ. 2024 წლის შემდეგ საექსპორტო მოცულობები მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც მათი თქმით, სამკერვალო საწარმოებს მუშახელის შემცირება და ხშირ შემთხვევაში, წარმოების დახურვაც კი მოუწიათ.

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იხურება დიდი მოცულობის წარმოებები და ისინი მცირე ზომის სამკერვალოებით ნაცვლდება, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობენ.

მისი თქმით, მისი საწარმო, ექსპორტზე იყო ორიენტირებული, ბოლო შეკვეთებზე გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ და, ახლა ახალი დამკვეთების მოლოდინში არიან, რომლებიც არ ჩანან.

“გადავედით სპეცტანსაცმლის შეკერვაზე. ევროპა გვაძლევს მეტ შეკვეთას, ჩვენს ფაბრიკაში. ავსტრია მაძლევს შეკვეთას, გერმანიამ მომცა შეკვეთა, ახლა იტალია. იტალიამ დაგვიკვეთა ზამთრის ქურთუკები. ეს ყველაფერი შევასრულეთ და ახალი შეკვეთა არ გვაქვს, შესაბამისად, გავაჩერე წარმოება და სახლებში გავუშვი მკერავები, ალბათ, ერთი თვე იქნებიან სახლში. ასე რომ, ძალიან მოისუსტა შეკვეთებმა და სიტუაციაც არ არის ისეთი, რომ რაღაც გავაგრძელო. ძალიან მინდა საქართველოს ბაზარზე შესვლა, მაგრამ ვერ შევედით ვერაფრით.

ძალიან ბევრი მკერავი მყავდა და ძალიან ცოტა დამრჩა - 100-მდე. მანამდე მყავდა 200-300-მდე. ყველა ფაბრიკა დაიხურა და ეს ატელიეები ცოტ-ცოტას მუშაობს, ძირითადად პატარები, ეს კი, ინდივიდუალური კერვაა და არა მასიური.”-ამბობს ლაურა ღაჭავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები