მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემცირდა თუ არა ბიუროკრატია 4 სამინისტროს გაუქმების შემდეგ?

5b2260f94607a
სალომე მეცხვარიშვილი
14.06.18 16:30
1155
2017 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ 4 სამინისტროს გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო და მათი რიცხვი 14-მდე შეამცირა. გაუქმებულ და შერწყმულ სამინისტროებს შორის მოხვდა: ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

bm.ge-მ ოფიციალურად გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სამინისტროებიდან და ოპტიმიზაციის შედეგები შეაჯამა. საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, რომელთანაც ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერთიანდა, ინფორმაცია სამივე სამინისტროსგან მივიღეთ.

საჯარო ინფორმაციაში სამინისტროებმა ინფორმაცია მოგვაწოდეს ცენტრალურ აპარატებში დასაქმებული საშტატო ერთეულების შესახებ.

გაუქმებულ სამინისტროებში დასაქმებულთა რიცხვი სულ 2 888 ადამიანს შეადგენდა, თუმცა, აქედან ძირითადი წილი სსიპ-ებსა და ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე მოიდიოდა. საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპტიმიზაციის შედეგად 3 სამინისტროში 174 შტატი გაუქმდა. ყველაზე დიდი შემცირება ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შედეგად მოხდა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა. ამ გადაწყვეტილებით 101 შტატი გაუქმდა.



47 შტატი გაუქმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგად, სპორტის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შერწყმის გამო კი 26 შტატი გაუქმდა.




რაც შეეხება დაზოგილ თანხებს, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაერთიანების შედეგად პირველ ეტაპზე 300 ათასი ლარით შემცირდა მათი ბიუჯეტი, მოსალოდნელი დანაზოგი წლის ბოლომდე კი მილიონ 100 ათასი ლარია. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, რა თანხები დაიზოგა ოპტიმიზაციის შედეგად, ჯერ უცნობია.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები