მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდა თუ არა დეპუტატების საწვავის ხარჯები პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის შემდეგ? – IDFI-ს კვლევა

5f7e024d5245d
თამთა ჯიჯავაძე
08.10.20 00:00
1996
2019 წელს პარლამენტარებს შორის ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა, რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა. ამის შესახებ საუბარია IDFI-ს მოკვლევაში, რომელიც 2018-2020 წლებში საქართველოს პარლამენტარების საწვავის ხარჯებს ეხება.

კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა 2018-2020 წლებში საქართველო პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია. კვლევის პერიოდი, ასევე ემთხვევა კორონავირუსის პანდემიის შედეგად ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს, როდესაც დაწესებული იყო კომენდანტის საათი და მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ავტომობილებით გადაადგილება.

კლვევის შედეგად გამოვლინდა, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (აპრილი-მაისი) ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1,128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1,119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1,073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი).

ამასთან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იგივე თვეებში.

რაც შეეხება სხვა მიგნებებს, შემდეგია:

"- პარლამენტის ბალანსზე რიცხული 98 ავტომობილიდან 50 განპიროვნებულია პარლამენტის წევრებზე, რომელთა შორის ჭარბობს 2015 წელს შესყიდული TOYOTA CAMRY-ის მოდელის ავტომობილები.

- 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ), წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

- 2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

- პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

- 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა", – აღნიშნულია IDFI-ს მოკვლევაში.

IDFI-ს დასკვნით, კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები