შემცირდება დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო კვირაში მოხდება ახალი საბაჟო კოდექსის პირველადი პროექტის პრეზენტაცია.
„არსებული საბაჟო კოდექსი ვერ პასუხობს გამოწვევებს, რაც გვაქვს ქვეყნის წინაშე. მომავალ კვირას იქნება პირველი პროექტის პრეზენტაცია. ვაგრძელებთ ბიზნესის განვითარებისთვის მეგობრული საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ითვალისწინებს კანონმდებლობის სრულ ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანადრტებთან.
ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე. დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები. დაინერგება კიდევ უფრო გამარტივებული საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო ვაჭრობასთან. ეს არის ციფრული საბაჟო განვითარების კონცეფციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.
საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა კერძო სექტორთან, საექსპერტო საზოგადოებასთან, სადაც საბაჟო კოდექსის პროექტი განხილული იქნება ყველას ჩართულობით“,- აცხადებს ბახტაძე.

























