ამერიკის შრომის დეპარტამენტმა ახალი კვლევა წარმოადგინა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ დამსაქმებლებმა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება უნდა გაიაზრონ. ინფორმაციას ABS News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, JOLTS-ის კვლევაში ნაჩვენებია შეწყვეტილი სამუშაო ხელშეკრულებებისა და სამსახურებიდან გათავისუფლებული პირების საერთო მონაცემები. საგულისხმოა, რომ ოქტომბერში ამერიკელმა დამსაქმებლებმა ოდნავ მეტი ვაკანსია გამოაცხადეს, თუმცა სამსახურში დაქირავების მაჩვენებელი მაინც დაეცა - ამის მიზეზად კი კოვიდ-19 პანდემიის გამო ეკონომიკის შეფერხებული აღდგენა სახელდება.
რაც შეეხება ავიაკომპანიებს, ინდუსტრია ერთ-ერთია, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა - Delta Air Lines-ის ინფორმაციით, 2020 წლის მარტის შემდეგ ავიაკომპანიის ჯავშნები ღრმა დეპრესიაშია, რადგან ხალხმა საერთოდ გააუქმა ან განუსაზღვრელი ვადით გადადო საჰაერო მგზავრობა. ABS News წერს, რომ Delta-მ გასული წლის პირველი სამი თვის კვარტლური ზარალი და მკვეთრად დაბალი შემოსავალი აჩვენა. ანალიტიკოსების პროგნოზით, ავიაკომპანიის მეოთხე კვარტლის შედეგები, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, კიდევ უფრო ნეგატიური იქნება.
და ბოლოს, რაც შეეხება ე.წ. რითეილ სექტორს, ნოემბერში ამერიკაში საცალო ვაჭრობა 1.1%-ით შემცირდა, რაც 7 თვის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი კი ნოემბერ-დეკემბრის სადღესასწაულო შოპინგის სეზონისთვის საშინელი დასაწყისი აღმოჩნდა, მით უფრო იმ ფონზე, როცა როგორც წესი, წინასადღესასწაულო პერიოდში მიღებული შემოსავალი საცალო ვაჭრობის სექტორისთვის წლიური გაყიდვების მეოთხედს ან მეტს მაინც შეადგენს.

























