მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შემდეგ წელს ექვსი ღონისძიების ჩატარება გვინდა" - როდის გაიმართება RKENA 2?

რკენა

29 ნოემბერს RKENA-ს პირველი ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც MMA-ის 9 ორთაბრძოლა გააერთიანა. პროფესიონალ მებრძოლებთან ერთად, მაყურებელმა ახალ სპორტში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, მერაბ შარიქაძეს დებიუტიც იხილა. RKENA 1 თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდა და პირველივე ღონისძიებაზე ყველა ბილეთი გაიყიდა.

MMA ორგანიზაცია RKENA-ს მთავარი მხარდამჭერი საერთაშორისო სპორტული მედია პლატფორმა Setanta Sports -ია. ორგანიზაცია 2025 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო არენაზე გასვლისთვის მომზადება.

პირველ ღონისძიებას და მის შედეგებს BMGDrive-ის ეთერში გიორგი დოდელია, ორგანიზაციის დამფუძნებელი აჯამებს. როგორც ის აღნიშნავს, RKENA 1-ის მიმართ დიდი იყო დაინტერესება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მაყურებლისა და ორგანიზაციების მხრიდან.

"საკმაოდ დიდი რისკი ავიღეთ, თუმცა საბოლოოდ გაგვიმართლა. მოვიდა გულშემატკივარი და ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა მომხდარიყო საქართველოში. ბოლომდე არ გვჯეროდა, თუ შეეძლო ივენთს ამდენი ადამიანის დაინტერესება. თუმცა მართლა სიტყვებით ვერ აღვწერ, ისეთი ატმოსფერო შექმნეს ადამიანებმა

ყველასგან შეფასება ძალიან დადებითი იყო. დიდი ინტერესი წამოვიდა ამერიკული ორგანიზაციებისგანაც. უკვე რაღაც დაკვირვება იქნება მუდმივად "რკენაზე" და ქართველ მებრძოლებზე. შესაბამისად, "რკენა" გზას გაუხსნის ძალიან ბევრ ქართველ მებრძოლს უკვე დიდ ორგანიზაციებში. ჩვენი მთავარი მიზანი არის UFC-ში გავუშვათ ადამიანები, ვინც ამას იმსახურებს", - ამბობს გიორგი დოდელია.

RKENA-ს დამფუძნებლის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ ღონისძიებაზეც, საბოლოო მიზანი კი წელიწადში სულ მცირე 6 ივენთის ჩატარებაა. დოდელია ასევე აღნიშნავს, რომ RKENA საქართველოს ფარგლებსაც გასცდება და რეგიონის ქვეყნებში გავა.

"ზუსტი თარიღი ჯერ არ გვაქვს, თუმცა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში იქნება RKENA 2. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ არ დავამთხვიოთ დიდ UFC-ის ღონისძიებას, რადგან ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და გვსურს, დავიცვათ ერთმანეთის ინტერესები. ველოდებით კალენდარს, როდის დაიდება ეს ყველაფერი, შემდეგ, ოფიციალურად გამოვაცხადებთ.

შემდეგ წელს გვინდა ექვსი ღონისძიების ჩატარება, ანუ ორ თვეში ერთხელ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ მეტიც დავაორგანიზოთ. საბოლოო მიზანი არის თვეში მინიმუმ ერთხელ, საუკეთესო ვარიანტში თვეში ორჯერ. ეს შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ მართალია, ქართული პროექტია, თუმცა რკენა იქნება რეგიონალური. წავალთ სხვა ქვეყნებში, იქნება ეს ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი თუ სხვა. გვაქვს უკვე მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან, სადაც ვაპირებთ, რომ ჩავიტანოთ. გეგმა არის ჯერ ჩვენი რეგიონი, სეტანტა სპორტის ქვეყნები და შემდეგ უკვე ევროპისკენაც გადავიწევთ აუცილებლად", - ამბობს გიორგი დოდელია.

RKENA-ს დამფუძნებლის თქმით, საქართველოში სპორტის სასახლე გახდება MMA ორთაბრძოლების მთავარი სახლი. თუმცა ღონისძიება რეგიონებშიც გავა და ზაფხულში, სავარაუდოდ, ბათუმშიც ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები