შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა და ეს პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.
"ელექტრომობილები შემოვა, ე.წ. Car Sharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილები გახდეს კიდევ უფრო პოპულარული ჩვენს ადილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა.
"ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, კომფორტულად და იაფად გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.