პროექტი მაღალი ხარისხის, ნატურალური ქართული ჩაის წარმოებას, ინოვაციური შეფუთვის ტექნოლოგიით გულისხმობს. ე.წ ჩაის ჯოხები სპეციალური ლამინირებული ფოლგის კონუსური ფორმის „ჯოხია“, რომლის ნახვრეტებიც საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაი დაყენდეს.
პროექტი საპარტნიორო ფონდმა "სტარტაპ საქართველოს’’ ფარგლებში 100 ათასი ლარით დააფინანსა. როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ნინო გორგოშაძე "საქმის კურსთან’’ აცხადებს, ფონდიდან მიღებული დაფინანსება თითქმის სრულად ჩაის წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიური ხაზის შეძენას მოხმარდა. მისი თქმით, შემოდგომიდან ქსელურ მარკეტებში, ასევე რესტორნებსა და ბარებში მათ მიერ წარმოებული, 6 სახეობის ჩაის ე.წ ჯოხები გამოჩნდება. საწარმო ოზურგეთში იფუნქციონირებს, სადაც პირველ ეტაპზე 5 ადამიანი დასაქმდება.
პროექტის ავტორის თქმით, ე.წ ჩაის ჯოხების 20 ცალიანი შეფუთვის ღირებულება დაახლოებით 6 ლარი, ხოლო ცალობით სარეალიზაციო ფასი 50 თეთრი იქნება.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 112 ათასი ლარია, საიდანაც ,,სტარტაპ საქართველოს’’ პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსება 100 ათას ლარს შეადგენს.

























