მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემოდგომისთვის ქარხნის სიმძლავრეების ზრდა იგეგმება“ - ბაზალტის ძაფების საწარმო

64903d9659f16
სალომე ხიდურელი
19.06.23 23:33
2590
ბაზალტის ძაფების მწარმოებელი პირველი ქართული საამქრო „ბაზალტ ფაიბერსი“, რომელიც ქალაქ რუსთავში 1990-იან წლებში ამოქმედდა, საქართველოს ფარგლებს გასცდა და წარმოების ნაწილი გერმანიაში გადაიტანა. ამის შესახებ BMG-სთან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ თქვა.

„ოჯახური კომპანია ვართ, რომელსაც ძალიან გრძელი ისტორია აქვს. წარმოება 1990-იან წლებში მამაჩემმა დაიწყო. ჩვენი პირველი წარმატება იყო, როდესაც 1998 წელს EBRD-ის ბონდი მიიღო საქართველოში ინგლისიდან, ვისთვისაც ძალიან საინტერესო იყო ახალი წარმოების გაცნობა.

ჩვენი შემდეგი ყველაზე დიდი წარმატება ის იყო, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ შევძელით წარმოების ნაწილის გერმანიაში გადატანა, რამაც შემდგომი განვითარების ეტაპზე გადაგვიყვანა. გერმანულმა სახელმწიფომ სხვადასხვა ტიპის პროდუქტების გაუმჯობესებისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო, რითაც მაღალი კლასის პროდუქტები შევქმენით და საქართველოშიც შემოვიტანეთ“, - ამბობს პაატა გოგოლაძე.

„ბაზალტ ფაიბერსის“ წარმომადგენლის განმარტებით, წარმოების 80% ექსპორტზე ევროპის ათობით ქვეყანაში გადის, თუმცა საერთაშორისო ბაზრის გაფართოებას კომპანია კვლავ აგრძელებს.

„ევროპის ქვეყნებს უკვე 10 წელია სტაბილურად ვაწვდით პროდუქტებს. შარშან ამერიკულ ბაზარზეც შევედით და ამ ეტაპზე საკმაოდ დიდი კონტრაქტი მზადდება ისრაელის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიისთვის“, - ამბობს პაატა გოგოლაძე.

კომპანია ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო კომპანიებთანაც თანამშრომლობს. გოგოლაძის განმარტებით, მსგავსი დატვირთვა საწარმო სიმძლავრეების დამატებით ზრდასაც ითხოვს, რაც მომავალ შემოდგომაზე იგეგმება.

„შარშან, დაახლოებით, 50 კადრით დავამთავრეთ წელი. წელს უკვე 90 თანამშრომელზე ვართ ასული და შემოდგომისთვის, როცა ახალ სიმძლავრეს შევქმნით, ჯამში 110-120 ადამიანის დასაქმების საჭიროება იქნება.

ამჟამად, თვის განმავლობაში, დაახლოებით, 100 000 ევროს მოცულობის პროდუქციას ვაწარმოებთ, საიდანაც, როგორც იცით, 80% არის ექსპორტი. შემოდგომიდან ეს გაორმაგდება და, ვფიქრობ, გერმანიაში მიმდინარე პროექტების განვითარებიდან გამომდინარე, მომავალ წელს საწარმო სიმძლავრეების დამატებით ზრდა ისევ დაგვჭირდება“, - ამბობს პაატა გოგოლაძე.

„ბაზალტ ფაიბერსმა“ გერმანული და ქართული წარმოება ორი წლის წინ გერმანულ ჰოლდინგში გააერთიანა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რუსთავის საამქროში ხდება ბაზალტის ქვის დნობა და მისგან ტექსტილური ბოჭკოს მიღება, რის ბაზაზეც სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, მათ შორის გეოგრიდები, მზადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები