მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოიტანს თუ არა სახელმწიფო დიუშენის სინდრომის სამკურნალო სხვა მედიკამენტებს? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

დიუშენის სინდრომი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების შემოტანისა და დაფინანსების გადაწყვეტილების მისაღებად სახელმწიფოს მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ დამატებითი მტკიცებულებები ესაჭიროება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატები ახალია და ბაზარზე მათი გამოყენების პრაქტიკა ჯერჯერობით მწირია. მინისტრის თქმით, სამინისტრო განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებული კვლევებისა თუ სტატუსის განახლებას, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მკაფიო მონაცემებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი.

"ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებული პრაქტიკისა თუ სტატუსის განახლებას. იმ ორ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომლებზეც გადაწყვეტილება მივიღეთ, მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე გაცილებით მეტი სიცხადე არსებობდა.

რაც შეეხება დანარჩენ მედიკამენტებსა და სხვა ახალ ინიციატივებს, ამ პროცესს აქტიურად ვაკვირდებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება მყარი მტკიცებულებები წამლის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე. მსგავსი მტკიცებულებები არის აუცილებელი წინაპირობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად და მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, დიუშენის სინდრომთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფომ არჩევანი თავიდანვე იმ ორ მედიკამენტზე - "ვამოროლონსა" და "ჯივინოსტატზე" შეაჩერა, რომელთა უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე მეტი სიცხადე არსებობდა და მათ უკვე ჰქონდათ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ავტორიზაცია მინიჭებული.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებისა და ქვეყანაში შემოტანის მოთხოვნით პაციენტების მშობლები თითქმის ორი თვის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. პროტესტის შემდეგ, ოჯახებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ, რის შემდეგაც სახელმწიფოსგან მკურნალობის უზრუნველყოფის ოფიციალური დაპირება გაიცა.

შედეგად, 31 ივლისს პირველ მედიკამენტ "ჯივინოსტატზე" იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" ხელშეკრულება გაფორმდა, სექტემბრის დასაწყისში კი მოლაპარაკებები დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის, "ვამოროლონს" შეძენაზეც წარმატებით დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები