„ზოგიერთი რეგიონის ინფრასტრუქტურა მაღალ ტურისტულ დატვირთვას ვერ გაუძლებს“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია TUREBI.GE-ს დამფუძნებელი ნიკა გოგოლაძემ თქვა.
მისი მოსაზრებით, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin, რომელიც 2023 წლის 7-9 მარტს ბერლინში გაიმართება და საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, შემომყვან ტურიზმზე მოთხოვნას გაზრდის.
„7 მარტს იწყება საერთაშორისო გამოფენა ბერლინში, სადაც საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას, 1000 კვ.მ.-ზე დიდი სივრცე ექნება დათმობილი. გამოფენაზე 80-მდე კომპანიისაგან საქართველოს ყველა კუთხის გასტრონომიული ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. ეს საუკეთესო საშუალებაა ჩვენთვის, ქართული პროდუქცია ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახმაროთ. ამის გამო, ჩემი სუბიექტური აზრით, შემომყვან ტურიზმში საკმაოდ კარგი წელი გვექნება, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდანაც.
გარდამტეხი მომენტია ჩვენთვის და საკითხავია, რამდენად არის საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად, რომ მაღალ დატვირთვას გაუძლოს. ზოგიერთი რეგიონი, მაგალითად კახეთი, ბათუმი, ნაწილობრივ სვანეთი, ამას შეძლებენ, თუმცა ძირითადად მთის კურორტები, სადაც ტურისტს სურვილი აქვს მოგზაურობის, მაგალითად, რაჭა, მზად არ არიან. დღესდღეობით ტურისტებისგან აღარ არის მოთხოვნა „რედისონის“ დონის სასტუმროებზე, მათ უფრო მეტად ქვეყნის ტრადიციებისა და ბუნების შეცნობა აინტერესებთ. ამიტომ, ამ რეგიონებში ტურისტულ სექტორს ვურჩევდი, ყველა შესაძლო ხერხით იზრუნონ ამაზე, რადგან გამოფენის შემდეგ მაღალი დატვირთვის გამო თავი არ შევირცხვინოთ“, - ამბობს ნიკა გოგოლაძე.
მან ასევე, შიდა ტურიზმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტულ კომპანიებთან მიმართვა ადგილობრივებისგან საკმაოდ დაბალია.
„ლოკალური ტურების მოწყობა ცოტა რთულია, რადგან კომპანიები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა ქართველებისთვის კარგი ტურები დაგეგმონ, კონკურენციას ვერ უწევენ შედარებით დაბალბიუჯეტიან, ინდივიდუალური და მცირე მეწარმეების მიერ დაგეგმილ ტურებს. შესაბამისად, ინტერესი ქართველებისგან, რომ ადგილობრივ ტურებზე პროვაიდერ კომპანიას მიმართონ, ძალიან დაბალია.
ასევე მინდა აღვნიშნო, რუსეთიდან შემოსული მიგრანტები ტურისტებად, ჩემი აზრით, არ აღიქმებიან. ისინი ზუსტად ისე, როგორც ადგილობრივები, ცდილობენ, ზედმეტი ხარჯის გაწევის გარეშე, დამოუკიდებლად დაგეგმონ დასვენება. ამიტომ ტურისტული ბიზნესისათვის, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სერვისს და არა პროდუქტს, მომგებიანი სეგმენტი არ არიან“, - ამბობს ნიკა გოგოლაძე.