Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი იმ გამოწვევებზე საუბრობს, რაც საგადასახადო დავებში შემოსავლების სამსახურის დონეზე არსებობს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე ბევრი პრობლემაა და დავების არსებითი განხილვა არ ხდება.
"შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებები ჯერ საჩივრდება შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურში და თუ არ დაკმაყოფილდა, შემდეგ საჩივრდება ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, უარის შემთხვევაში უკვე მივდივართ სასამართლოში. ბოლო პერიოდში ბევრი იყო საუბარი ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში არსებულ პრობლემებზე, რასაც ვეთანხმები და ნამდვილად აქვს გაუმჯობესების პოტენციალი, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა შემოსავლების სამსახურის დავების ეტაპზე. ძალიან ხშირად ხდება, რომ შემოსავლების სამსახურის ეტაპზე არ მიდის დავის არსებითი განხილვა, ანუ სტანდარტული, დაუსაბუთებელი პასუხი ეგზავნება გადამხდელს. ფაქტობრივად ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომდე ისე მივდივართ, რომ არსებითი განხილვა არ ხდება. ძალიან ელემენტარულ საკითხებზე, რაზე დავასაც მაინც ვიგებთ, მივდივართ ფინანსთა სამინისტროში. ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს", - ამბობს დავით პაპიაშვილი.
მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოშიც არსებობს პრობლემები და გაუმჯობესების პოტენციალი არის, თუმცა ამ მიმართულებით გაუარესება არ შეინიშნება და საბჭოს არსებული შემადგენლობა წინაზე უკეთესია.