ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში დაკისრებული გადასახადების შესახებ 2,796 საჩივარი შევიდა. ეს 2021 წელთან შედარებით 300 დავით ნაკლები იყო. ამ დავების საგანს ₾948 მილიონის საგადასახადო დავალიანება წარმოადგენდა, ეს 2021 წელთან შედარებით 900 მილიონი ლარით ნაკლები იყო.
დავების განმხილველმა საბჭომ გასულ წელს სულ 72 სხდომა ჩაატარა, რომლებზეც გადაწყვეტილება მიღებულია 2 613 საქმეზე.
“მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 739 საჩივარი, 1 552 მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 322 საჩივარი განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო”, - ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
საკითხები, რომლებსაც ბიზნესების სარჩელები შეეხებოდა:
- საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერება;
- საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები;
- სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის, გადასახადით დაბეგვრა;
- ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრა;
- შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება;
- უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების გამოვლენის შედეგად განხორციელებული დარიცხვის მართლზომიერება;
- სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება;
- საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით განსაზღვრა;
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელებული დარიცხვები; 11. სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხის აღნიშნული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად მიჩნევა;
- არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები.