მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმზე ჩანაწერის შეცვლას არ ემხრობა

58e3346f70d7d
დავით ჯალაღონია
04.04.17 09:50
960
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი კონსტიტუციაში გადასახადებთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესახებ ჩანაწერის შეცვლას არ ემხრობა. ამის შესახებ თაბუაშვილმა „საქმის კურსს“ განუცხადა.

"მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაც არის განსაზღვრული კანონმდებლობაში, ჯობია, ხელუხლებლად დავტოვოთ და ეკონომიკურ განვითარებაში რაიმე დისონანსი არ შევიტანოთ“, - განაცხადა თაბუაშვილმა.

მთავრობის წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემოღების, ან გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული რეფერენდუმის ჩატარება ძალაში უნდა დარჩეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მდივანი ბექა ნაცვლიშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი უნდა გაუქმდეს.

„მსოფლიოს არცერთ კონსტიტუციაში არ წერია, რომ რომელიმე ქვეყანა გადასახადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეფერენდუმის გზით იღებდეს. ეს არის წარმოუდგენელი, რადგან ფისკალური პოლიტიკა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც იმართება ქვეყნის ეკონომიკა. საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში კომისიის წევრები ძირითადად მხარს უჭერენ იმ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ ათვითცნობიერებენ ამ ჩანაწერის არადემოკრატიულობას“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ბექა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები რეფერენდუმის გაუქმებას მხარს არ უჭერენ.

„როგორც ჩანს, მმართველმა უმრავლესობამ ეშმაკური ტაქტიკა აირჩია და თითქოს ხელისუფლება წარმოდგენილია ორი ნაწილით - კეთილი და ბოროტი ნაწილებით. კეთილი ნაწილი ამბობს, რომ არ უნდა შევეხოთ კონსტიტუციას. პრემიერ-მინისტრი, იგივე ეკონომიკის მინისტრი ამბობენ, რომ კონსტიტუციით შეზღუდული გადასახადის ზრდის ნორმა უცვლელად უნდა დარჩეს. გვახსოვს ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ არ არის საჭირო კონსტიტუციაში მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხი ჩაიწეროს, რადგან ეს ძალიან შეუშლის ხელს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის განვითარებას, მაგრამ უმრავლესობის პარტიის წევრები საკონსტიტუციო კომისიაში აბსოლუტურად განსხვავებულ აზრებს ახმოვანებენ და შემდეგ აღმოჩნდება, რომ თურმე საკონსტიტუციო კომისიამ ჩაიდინა ბოროტება და არა ხელისუფლებამ“, განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ ორმაგ თამაშს აქვს ადგილი.

საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში მესამე რაუნდით გათვალისწინებული შეხვედრები მიმდინარე თვის შუა რიცხვებში იგეგმება. ამ პერიოდში კომისია კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები