მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანია "ჯეოტრანსგაზის" ობიექტები დალუქა

576132fbbdacf
დავით ჯალაღონია
15.06.16 14:36
1895
შემოსავლების სამსახურმა ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანია "ჯეოტრანსგაზის" ობიექტები დალუქა.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს“ "ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებელმა ზურა ბარნაბიშვილმა განუცხადა, რომელიც ბუნებრივი აირის იმპორტს "გაზპრომ–ექსპორტიდან" ახორციელებს, მიმდინარე წლის 28 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, ერთი თვის ვადით იმ 15 გაზგასამართ სადგურზე შევიდნენ, რომელთაც ბუნებრივი აირით აღნიშნული კომპანია ამარაგებდა და 23:00 საათისთვის ობიექტები დალუქეს. ამ 15 გაზგასამართი სადგურიდან, სამი ობიექტი უშუალოდ „ჯეოტრანსგაზს“ ეკუთვნის, დანარჩენს კი იმპორტიორი კომპანია კონტრაქტის საფუძველზე გაზით ამარაგებს.

"ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის მიზნით ობიექტების დალუქვის ბრძანებას ხელი შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოაწერა, თავად ინვენტარიზაციის პროცესის დასაწყებად კი უწყებამ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა.

ბარნაბიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ობიექტების საქმიანობის გაჩერების საფუძველი არ არის, რადგან უწყებამ კომპანიის საგადასახადო შემოწმება 2015 წლის 27 იანვარს დაასრულა და 13 000 ლარიანი ჯარიმაც გამოწერა, რაც გადახდილია.

"გასულ წელს დიდი ვერაფერი დარღვევა იპოვეს და 13 000 ლარი დაგვარიცხეს, რაც ჩვენი ბრუნვის მქონე კომპანიისთვის, არაფერია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ კომპანია სწორად და გამართულად მუშაობდა და ბიუჯეტთან ყველანაირ ანგარიშსწორებას დროულად ახდენდა. მიუხედავად ამისა, ხელმეორედ შემოვიდნენ, ოღონდ – საქმიანობის პროცესში უხეში ჩარევით. მათ შეეძლოთ ისე შეემოწმებინათ ყველაფერი, რომ მუშაობა არ გაეჩერებინათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ შემოსავლების სამსახურის ბრანება ამ დრომდე არ გაგვისაჩივრებია. შემოწმების წინააღმდეგნი არ ვართ, წარმოების გაჩერებას კი ვეწინააღმდეგებით. ამ პროცესს ადგილზე მომუშავე თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვება, რომელთაც შეფერხების პროცესში ხელფასი შეეზღუდებათ. გარდა ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტი თანხებს დაკარგავს“, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.

ჯეოტრანსგაზი მზადაა, თავად გადაუხადოს თანხა სამხარაულის ექსპერტებს, რათა დროულად დასრულდეს გაზგასამართი სადგურების ინვენტარიზაცია, თუმცა აქვე ბარნაბიშვილი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის დაწყება საღ აზრს მოკლებულია.

"ამის აუცილებლობა არ იყო, რადგან ბუნებრივი აირი არ საწყობდება, სულ მოძრაობაშია. როცა წარმოებას საწყობი აქვს და პროდუქცია დათვლადია, შესაძლოა, ობიექტი დაილუქოს აღწერის მიზნით, მაგრამ ბუნებრივი აირი მილში მოძრაობს და ამის სასაწყობე მეურნეობა პრაქტიკაში არ არსებობს. ჩვენ ამ ბუნებრივი აირის მოცულობების შეძენას „გაზპრომ–ექსპორტთან“ კონტრაქტით ვაფორმებთ და ამ პარამეტრებზე გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქმის კურსშია, ამიტომ თუ შემოსავლების სამსახურს რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია, გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მიმართოს, რომელიც შემოსული ბუნებრივი აირის მოცულობების მკაცრ აღრიცხვას აწარმოებს“, – განმარტა ზურა ბარნაბიშვილმა.

ობიექტებზე სამუშაოების დროულად დასრულების თხოვნით, ასევე ამ პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტების მისაღებად "ჯეოტრანსგაზმა“ შემოსავლების სამსახურს წერილით მიმართა, თუმცა როგორც ბარნაბიშვილი აღნიშნავს, მას პასუხი არ მიუღია.

"ველოდებით პასუხს. წერილში თვალნათლივ ვუთითებთ საგადასახადო სტრუქტურების მხრიდან დარღვევებზე, თანამშრომლობისთვის მზადყოფნას ვაცხადებთ და ვითხოვთ, რომ დროულად ჩაატარონ ეს ინვენტარიზაციის პროცესი, ლუქები ახსნან და მუშაობის საშუალება მოგვცენ. ეს არის სამართლებრივი ჩარჩოდან გასული პროცესი სახელმწიფოს მხრიდან – მე ასე აღვიქვამ. ამ ადმინისტრაციული რესურსის დახარჯვა სხვაგან შეუძლიათ – უფრო კარგ საქმეს მოახმარონ და ჯუნგლების კანონს ნუ გამოიყენებენ კერძო კომპანიების მიმართ. ეს არის ზეწოლა“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.

"ჯეოტრანსგაზის“ დამფუძნებელს შემოსავლების სამსახურის მოქმედებებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები აქვს.

„პირად საუბარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა პირდაპირ თქვეს – დავალება გვაქვს, უნდა გააგჩეროთო. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რატომღაც ენერგეტიკის სამინისტრო წინააღმდეგია, ჩვენს კომპანიას ბუნებრივი აირის იმპორტი ჰქონდეს, თუმცა რატომ, ამას არ გვიხსნიან. ჩვენ ცხადია, ჩვენი ეჭვი გვაქვს და ალბათ, რამდენიმე დღეში ეს კიდევ უფრო გამყარდება, როცა გარკვეულ ინფორმაციებს დამატებით მოვიძიებთ“, – აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან "ჯეოტრანსგაზს“ პრობლემები უკვე ჰქონდა, როცა მიმდინარე წლის აპრილში „გაზპრომ–ექსპორტისგან“ მისაღები ბუნებრივი აირის მოცულობების შემოსავლების სამსახურისთვის დასადასტურებლად აღნიშნულმა უწყებამ მიღება–ჩაბარების აქტის გაცემა გააჭიანურა. როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში განმარტეს, "ჯეოტრანსგაზთან“ მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საჭიროა, ბუნებრივი აირის მოცულობა შედარდეს მიმწოდებელთან – "გაზპრომ–ექსპორტთან“, რისთვისაც მათ დრო სჭირდებოდათ. საბოლოოდ, აღნიშნული დოკუმენტი გაფორმდა, მაგრამ გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ არც აპრილში და არც მას შემდგომ, „ჯეოტრანსგაზს“ არ დაუდასტურა ბუნებრივი აირის ის მოცულობები, რაშიც კომპანიას „გაზპრომ–ექსპორტისთვის“ თანხა წინასწარ გადახდილი ჰქონდა.

"აპრილში 3 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად 500 000 შემოვიდა, მაისში 4 მილიონის ნაცვლად – 600 000, ივნისში კი 8 მილიონის ნაცვლად რა მოცულობას დაგვიდასტურებენ, არ ვიცით. ჩვენ ვიხდით თანხას ჩვენთვის საჭირო ბუნებრივი აირის მოცულობებში, რასაც ყოველ შეკვეთაზე „გაზპრომ–ექსპორტთან“ გაფორმებული დოკუმენტები ადასტურებს, ჩვენამდე კი შეძენილი გაზის დაახლოებით 10% შემოდის. ამ დანაკლისის ანაზღაურებასაც მოვითხოვთ და სხვა გზა არ გვრჩება გარდა იმისა, რომ წავიდეთ სასამართლოში“, – განმარტა ბარნაბიშვილმა.

„ჯეოტრანსგაზმა“ გადაწყვიტა, რომ მომავალ კვირას შემოსავლების სამსახურის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ენერგეტიკის სამინისტროს (როგორც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ზემდგომი ორგანო) წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გარდა, „ჯეოტრანსგაზმა“ წერილი ენერგეტიკის სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენისა და სახალხო დამცველის აპარატებს გაუგზავნა, სადაც საკითხით დაინტერესებას და დახმარებას ითხოვს.

"მე იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია ქვეყნის ხელმძღვანელობამდე მივა და საქმეში ჩაერევიან“, – აღნიშნავს ზურა ბარნაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ ნახსენები 15 გაზგასამართი სადგურისა, "ჯეოტრანსგაზი“ ბუნებრივი აირით კიდევ დაახლოებით ამდენივე სადგურს და საწარმოს ამარაგებს, რომელთაც შექმნილი პრობლემების გამო სხვა მიმწოდებლის პირობებზე გადასვლა მოუწევთ.

"დანარჩენ სადგურებს ალბათ, ყველაფერი წინ აქვთ და ალბათ, მათაც შეუქმნიან პრობლემებს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით მათ პრობლემები უკვე აქვთ, რადგან დღეს უკვე ბუნებვრივ აირს აზერბაიჯანული მხრიდან – ყოველ 1000 კუბურ მეტრს 40 აშშ დოლარით ძვირად ყიდულობენ“, – განმარტა ზურა ბარნაბიშვილმა.

"ბიზნესკონტაქტი“ განმარტებების მისაღებად როგორც შემოსავლების სამსახურს, ისე გაზის ტრანსპორტირების კომპანიას დაუკავშირდა და აღნიშნული უწყებებიდან ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის იმპორტიორი კომპანია "ჯეოტრანსგაზი“ საჯარო რეესტრში 2007 წელს დარეგისტრირდა. "ჯეოტრანსგაზი“ 2007 წლიდან 2015 წლის ზაფხულამდე ბუნებრივ აირს რუსულ-ამერიკული „იტერა-საქართველოსგან“ ყიდულობდა, თუმცა მას შემდეგ რაც „იტერა“ აზერბაიჯანულმა „სოკარმა“ შეიძინა, "ჯეოტრანსგაზისთვის“ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი შედარებით ძვირი აღმოჩნდა და კომპანიამ წერილით „გაზპრომს“ მიმართა. შემდეგ შედგა მოლაპარაკება, რასაც ხელშეკრულების გაფორმება მოჰყვა და 2015 წლის 1 ივლისიდან "ჯეოტრანსგაზი“ საკუთარ სამ გაზგასამართ სადგურს და დაწესებულებებს „გაზპრომ-ექსპორტის“ ბუნებრივი აირით ამარაგებს.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "ჯეოტრანსგაზის“ ობიექტებზე დალუქული მრიცხველები ინვენტარიზაციის პროცესის დასრულებისთანავე გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები