„იმ მოდელით, რომელიც შემოთავაზებული იყო, საპენსიო რეფორმა ცუდი ეფექტის გარდა, სხვა ეფექტს არ მოგვცემს“, - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა““ PMCG ცენტრის ხელმძღვანელმა ლექსო ალექსიშვილმა. მისი თქმით, რეფორმა იმ შედეგს ვერ გამოიღებს რისი მოლოდინიც არის.
" რეფორმა ითვალისწინებს 6%-იანი შენატანის გაკეთებას ყოველთვიურად და ამას რაღაც პერიოდის განმავლობაში რაც დაგროვდება სარგებელი დაერიცხება, რომელიც უკვე საპენსიო ასაკში დაურიგდება მოსახლეობას. ეს ვერ იქნება იმდენად მაღალი, რომ ღირსეული დავარქვათ. მეორე ის არის, რომ ჩვენ მოსახლეობას ისეთ რამეს ვპირდებით, რომელიც ვერ შესრულდება და ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ნდობის დაკარგვას მთავრობს მიმართ, რაც კარგი არც ერთ შემთხვევაში არაა. ასევე ეს ბიზნესგარემოს გაუარესებას გამოიწვევს, რადგან უპირველესად, მისი ადმინისტრირება იქნება ძალიან რთული“, - განაცხადა ალექსიშვილმა. მისივე თქმით, მდგომარეობას გაართულებს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებაც.
„მე მიმაჩნდა, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება არ არის და არაფერში არ გვჭირდება დეპოზიტების დაზღვევა თავისი შინაარსით, რადგან საბანკო ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს და ამას კარგად აკეთებს. დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის შემოტანა, გარდა არსებული მდგომარეობის გართულებისა, ვერანაირ დადებით ეფექტს ვერ მოიტანს, გარდა იმისა, რომ გააძვირებს ფინანსურ რესურსებს, დადებით შედეგს ვერ მივიღებთ. თუ რომელიმე ბანკს საფრთხე შეექმნა ამ მექანიზმით ვერაფერს გამოვასწორებთ, ეს გამორიცხულია“, - ამბობს ალექსიშვილი.

























